რესპუბლიკური საავადმყოფოს სრული დემონტაჟი არ მოხდება. შენობის ადმინისტრაციული ნაწილი რეაბილიტაციას დაექვემდებარება, დემონტაჟი მხოლოდ მაღლივ, შემინულ კორპუსს შეეხება - კლინიკის ახალი, პირველადი კონცეფცია დღეს ჯანდაცვის მინისტრმა საავადმყოფოს მედპერსონალს თავად წარუდგინა.
გეგმის მიხედვით, ძველი შენობის ადგილზე ორი ახალი კორპუსი განთავsდება, რომელიც ადმინისტრაციულ ნაწილს დაუკავშირდება. არსებულ განყოფილებებს, ბავშვთა ჰემორაგიული მიმართულებაც დაემატება.
კლინიკის ტერიტორიაზე, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები - სისხლის ბანკი , აფთიაქი, საკონფერენციო და კვების სივრცეები განთავსდება. საავადმყოფოს შეუნარჩუნდება ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიც.
რესპუბლიკური საავადმყოფოს საინიციატივო ჯგუფის წევრები ჯანდაცვის მინისტრს დღეს პირველად შეხვდნენ. ახალი კონცეფციის წარდგენის შემდეგ, ზურაბ აზარაშვილისა და ექიმების შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექიმების პროტესტი მოლაპარაკებით და კომუნიკაციის ფორმატით ჩანაცვლდება.
მედპერსონალმა დღეს, მინისტრისგან თავად მოისმინა რომ სამედიცინო საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ და ანაზღაურების გარეშე არ დარჩებიან. პრეზენტაციას სხვადასხვა კლინიკის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. რესპუბლიკური საავადმყოფოს მოძველებულ ინფრასტრუქტურასა და სერვისების სტანდარტებთან შეუსაბამობაზე ისინიც საუბრობენ. მათი ნაწილი ექიმებს სამუშაო ადგილს საკუთარ კლინიკაში სთავაზობს შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც - ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მოდერნიზაციის გეგმის წარდგენა იჩქარა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი საავადმყოფოს განვითარების კონცეფციას ადეკვატურს და დროულს უწოდებს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პირველადი გეგმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2018- 2022 წლის დასკვნის მიხედვით მომზადდა. სადაც მითითებულია, რომ შენობის უკანა ნაწილი ავარიულია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ჯანდაცვის სამინისტრო მომდევნო თვეების განმავლობაში 5 - მდე ახალ დოკუმენტს ელოდება, რომელმაც შესაძლოა კლინიკის მოდერნიზაციის გეგემა სრულად შეცვალოს.