დღეს, მთავრობის სხდომაზე 9 საკითხი განიხილეს. ადმინისტრაციის ცნობით, მათ შორის იყო ცვლილება , რომლის მიხედვით პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღეს.
დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმაც.
"ეხებოდა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დადგენილებაში ცვლილების შეტანას. ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ჭერი, ანუ სოციალურად დაუცველის შემთხვევაში ისედაც 0 იყო თანაგადახდა და ეს ასე დარჩა; პენსიონერების შემთხვევაში 10% არა უმეტეს 500 ლარი იქნება ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში მათი თანაგადახდის წილი; 18 წლამდე ბავშვების და შშმ პირების შემთხვევაში 20% და არა უმეტეს 1 000 ლარი; სხვა დანარჩენი, ვისი შემოსავალიც არის 500 ლარზე ნაკლები ყოველთვიურად დაახლოებით, აქ იქნება 30%, არა უმეტეს 1 500 ლარი.
ასევე სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ, რაც ასევე კონტროლს უფრო ეფექტიანს გახდის.
ასევე კლინიკებს შორის თანხების გადანაწილება, "დიარჯის" დაგენერირებული თანხების, მაგალითად თუ 1 კლინიკაში მიიყვანეს პაციენტი და ამ კლინიკამ დაასტაბილურა, და შემდეგ, რადგანაც სრული სერვისი არა აქვს მოუწია გადამისამართება სხვა კლინიკაში, 10/30-ის პრინციპით მოხდება დაანგარიშებული თანხის გაყოფა," - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.