26 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
ირაკლი ზარქუა 9 აპრილის აქციაზე: ეს იყო არამარტო "ნაციონალური მოძრაობის", არამედ ე.წ. "ტროიკის" მიერ დაორგანიზებული აქცია - ახლა ხაბეიშვილს შეაწმინდეს ხელი, ხაბე რა შუაშია? ჩემი ხაბე მსხვერპლია

ეს არ იყო მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული, ეს იყო მთელი ე.წ. "ტროიკის", რომ გადაიმალნენ ახლა, რომ რცხვენიათ და გარეთ ვერ გამოდიან, იმათი დაორგანიზებული, ყველასი ერთად. ახლა ხაბეიშვილს შეაწმინდეს ხელი, ხაბე რა შუაშია? ხაბე მსხვერპლია მანდ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილი იმ გარემოცვის მსხვერპლია, რომელმაც ის დაარწმუნა, რომ ნამდვილად ლიდერია. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 9 აპრილს გამართული აქციით, საზოგადოებამ რადიკალებს კიდევ ერთხელ უთხრა უარი.

"ჩემი ხაბე არის მსხვერპლი, ჩემი ხაბე მოატყუეს და ასე შეატოვეს [აქცია]. მე მაგალითად, დეკემბერში მაქვს დაბადების დღე და ჩემს ხაბეს ვეპატიჟები, თამადად მინდა დავნიშნო, იქ გაცილებით მეტი ხალხი შეიკრიბება. არ შეიძლება ასე, მობილიზება თვეზე მეტია დაწყებული აქვთ და ბოლოს, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა - ეს ხომ ნონსენსია. აბუჩად იგდებენ ამ ადამიანს და მთლად ასეც არ მემეტება ჩემი ხაბე, რომელიც გარემოცვის მსხვერპლია, სადაც აირჩიეს და დაარწმუნეს, რომ ნამდვილად ლიდერია და თავმჯდომარეა. იმ მელიას რას ერჩოდნენ, ამაზე მეტი კი გამოჰყავდა იმ კაცს და მეტი ძალა არ აქვთ და რა უნდა ქნან?

სხვათა შორის, ეს არ იყო მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, ეს იყო მთელი ე.წ. "ტროიკის", ყველასი ერთად ორგანიზებული აქცია, რომ გადაიმალნენ ახლა, რომ რცხვენიათ და გარეთ ვერ გამოდიან - ახლა ხაბეიშვილს შეაწმინდეს ხელი, ხაბე რა შუაშია? ხაბე მსხვერპლია მანდ.
რადიკალურ ოპოზიციას, კიდევ ერთხელ, ქართველმა ხალხმა გაგილაწუნათ სახეში და გითხრათ, რომ თქვენი ადგილი, რადიკალიზმის ადგილი, ქართულ პოლიტიკაში არ არის და არ იქნება. ვერასდროს გახდებით თქვენ ვერც გმირები, ვერც წინამძღოლები და ვერც "ეროვნული მოძრაობის" წარმომადგენლები - მერამდენედ დაარქვეს ხომ [ეროვნული მოძრაობა]? როგორ ცდილობენ, ყველაფერი გააუფასურონ, რაც წმინდაა ჩვენი საზოგადოებისთვის - არ გაიშვას თქვენი გმირობა,"- განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა.

კითხვაზე, ვის გულისხმობდა ხაბეიშვილი, როდესაც განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ - თვითმარქვია, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, შესაძლოა, გიორგი ვაშაძეს გულისხმობდა. მისივე განმარტებით, რადიკალურ ოპოზიციაში ყველა ხელმოცარულია, ვინაიდან, მათ ვერ გაიაზრეს, რომ რადიკალიზმს ქართველი ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნება.

"არ ვიცი, ალბათ ჭიჭე ვაშაძეს გულისხმობს, ის ნამდვილად თვითმარქვიაა და ხელმოცარული. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ამ რადიკალურ ოპოზიციაში ყველა ხელმოცარულია. ვერ გაითავისეს, ვერ გაიაზრეს, რომ ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნება რადიკალიზმს ამ ქვეყანაში, რადგან ჩვენ ეს ვნახეთ, გამოვიარეთ, ქართველმა ხალხმა ის ყველაფერი, რაც თავის თავზე გადაიტანა, გააცნობიერა კიდეც. აქ ქართველი ქართველს რომ დაუპირისპირდეს და ტყვია-წამლით სდიოს, ეს წარსულს ჩაბარდა," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები