26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
როგორი ვითარებაა უკრაინაში ომის 410-ე დღეს- ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან 

 ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ შედარებით იკლო. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, როგორც რუსული ისე, უკრაინული მხარე თავდაცვას აძლიერებს. ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინა ემზადება მასშტაბური კონტრშეტევისთვის, რომელიც შესაძლოა უახლოეს პერიოდში დაიწყოს. ამის პარალელურად კი განსაკუთრებით აძლიერებს თავდაცვას. უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გასულ კვირაში, უკრაინის საინჟინრო ქვედანაყოფებმა რამდენიმე ათეული დანაღმული ველი მოაწყვეს, რისთვისაც 6 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გამოიყენეს.

როგორც ცნობილია, და ამაზე უკრაინული მხარეც საუბრობს, უკრაინული ძალები რუსეთისა და ბელარუსის საზღვრის გასწვრივ მუშაობენ თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების გასაძლიერებლად. ბელარუსის ტერიტორიიდან საფრთხე გაძლიერდა 2 აპრილის შემდეგ, რაც რუსეთ-ბელარუსის განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, საფრთხე რეალურია. ამიტომ, უკრაინელები ამ გარემოებასაც ითვალისწინებენ და შესაბამისად ემზადებიან.

ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, შეტევისთვის ემზადება არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რუსეთიც. თუმცა მანამდე აძლიერებს თავდაცვას. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა დასავლეთისგან დამატებით მიღებული იარაღის გამოყენებით, უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი მასშტაბური კონტრშეტევის შესახებ, რუსეთმა დაიწყო თავდაცვის გაძლიერება. აპრილის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსებმა, დაჩქარებული ტემპით, განსაკუთრებით ყირიმში სანგრების და ტანკსაწინააღმდეგო ბარიერების მთელ ქსელს ქმნიან. მისი სიგრძე ზოგან რამდენიმე ასეულ მეტრს აჭარბებს.

ომის 410-ე დღეს კი ცხელ წერტილად კვლავ ავდიივკა, ბახმუტი და სვიატოვოა რჩება. რა მოხდა ბოლო 24 საათში - სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ჩერნიგოვის ოლქზე. დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 6 ძლიერი აფეთქების შესახებ იტყობინება ასევე უკრაინული მედია ზაპოროჟიას ოლქის ქალაქ ტოკმაკის მიდამოებში. 71-ჯერ დაიბომბა ხერსონის ოლქი. მტრის სამიზნე საცხოვრებელი კვარტალი, ელექტროგადამცემი ხაზი, გემთმშენებლობის ტერიტორია და მარცვლეულის ტერმინალი გახდა. ღამით იერიში განხორციელდა ზაპოროჟიაზეც. დაიღუპა ორი ადამიანი. ორი მოქალაქე ემსხვერპლა ჭურვებს ხარკოვის ოლქშიც. დაიბომბა სუმის ოლქის საზღვრისპირა დასახლებები.

დღის ამბები