26 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
დაღუპული ტურისტები, ტერორისტული აქტები და დაბომბილი ქალაქები - როგორი ვითარებაა ისრაელში

დაღუპული ტურისტები, ტერორისტული აქტები, დაბომბილი ქალაქები და დარბეული სამლოცველოები - დღესასწაულების მიუხედავად, ისრაელს მძიმე კვირა ჰქონდა. ზღვისპირა ქუჩაზე მომხდარ თავდასხმას, 35 წლის იტალიელი იურისტი ალესანდრო პარინი ემსხვერპლა, 7 მოქალაქე კი დაშავდა. მანქანა, რომელსაც არაბული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე აბუ ჯაბერი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე გადავიდა. შემთხვევა დღის იმ მონაკვეთში მოხდა, როდესაც სანაპიროზე განსაკუთრებით ბევრი ადამიანი იყრის თავს.

ფაქტს ბევრი თვითმხილველიც ჰყავს. შემთხვევას პოლიციის რეაგირება სწრაფად მოჰყვა. დამნაშავე ლიკვიდირებულია. რაც სამართალდამცველების განმარტებით, აუცილებელი მოგერიებით იყო განპირობებული. ოფიციალურმა პირებმა ფაქტი "სავარაუდო ტერორისტულ აქტად" შეაფასეს.

კიდევ ერთი შეიარაღებული თავდასხმა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიაზე მოხდა. მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით გახსნილ ცეცხლს 2 ბრიტანელი და ემსხვერპლა. მათთან ერთად მყოფი დედა კი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით, ამ დრომდე საავადმყოფოშია.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, პრემიერმა ნეთანიაჰუმ საპოლიციო ძალებს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდა.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დაიძაბა. თელავივში მომხდარ თავდასხმას წინ ლიბანის ტერიტორიიდან და ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა უძღოდა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიშები მოჰყვა.

დღის ამბები