26 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
დამწვარი შენობები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა - საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში მოსახლეობა რამდენიმე თვეა საპენსიო რეფორმას აპროტესტებს

დამწვარი შენობები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა - ეს საფრანგეთის ქალაქების ქუჩებია, სადაც მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა საპენსიო რეფორმას აპროტესტებს.

საფრანგეთში პროტესტმა მასშტაბური სახე კიდევ ერთხელ მას შემდეგ მიიღო, რაც პროფკავშირებმა პრემიერ-მინისტრთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდეს. მშვიდობიანი პროტესტი სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დემონსტრანტები პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილნენ.

მათ სამართალდამცველებს მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და ბოთლები ესროლეს. შენობებს კი ცეცხლი წაუკიდეს, მათ შორის აღმოჩნდა ემანუელ მაკრონის რჩეული რესტორანიც. აქციის 100 მდე მონაწილე იმ შენობაში შეიჭრა სადაც ბლექროქ-ის ოფისი მდებარეობს. აღსანიშნავია რომ ბლექროქი აქციის მონაწილეთა ყურადღების ცენტრში შემთხვევით არ მოხვედრილა. კომპანია პენსიების მართვასა და პრივატიზებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

აქციის დაშლა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირისა და რეზინის ხელკეტებით სცადეს. დააკავეს 20 მდე მოქალაქე. სპეციალურ ღონისძიებებში ადგილობრივ პოლიციასთან ერთად მოტორიზებული ძალადობრივი რეპრესიების პოლიციის ბრიგადებიც ჩაერთნენ. დარბევის მიუხედავად დემონსტრანტები დანებებას არ აპირებენ.

ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება დროის მოგებას ცდილობს და იმედი აქვს რომ პროტესტი შესუსტდება. ამის საპირისპიროდ დღეს დემონსტრანტების ნაწილი მონ-სენ-მიშელისკენ გაემართა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ დასახლებისკენ მიმავალი გზა დაუბლოკეს. საზოგადოების პროტესტის მიუხედავად მთავრობის პოზიცია უცვლელია და კანონის გაწვევას არ გეგმავს.

მომდევნო მასშტაბური საპროტესტო აქცია 13 აპრილს საკონსტიტუციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის წინა დღეს იგეგმება. თუ საბჭო კანონ პროექტს მწვანეს აუნთებს ემანუელ მაკრონს საპენსიო რეფორმის ოფიციალურად გატარების შესაძლებლობა მიეცემა.

დღის ამბები