26 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
კელი დეგნანმა და შალვა პაპუაშვილმა დახურულ კარს მიღმა 2 საათის განმავლობაში ისაუბრეს - რატომ უწოდა ელჩმა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას პოზიტიური ნაბიჯი

მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ პრეზიდენტმა პირველი შეფასება ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კელი დეგნანი და სალომე ზურაბიშვილი, დახურულ კარს მიღმა თითქმის 1 საათი საუბრობდნენ. შეხვედრა დღის ბოლოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე შეაჯამა და განმარტა, რომ ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესება ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია გამოძიება და სასამართლო სისტემის რეფორმირება. ათონელის რეზიდენციამდე, ამერიკის ელჩი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

თითქმის 2 საათიან დახურულ შეხვედრაზეც, განხილვის მთავარი თემა, მოსამართლეების სანქცირების საკითხი იყო. შალვა პაპუაშვილმა ამერიკის ელჩს პირდაპირ უთხრა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. პარლამენტის სპიკერს დიპლომატისთვის არც ის დაუმალავს, რომ მისი აზრით, მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვის გადაწყვეტილება ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივებასა და პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა შტატებს კიდევ ერთი გზავნილი დაუტოვა და უთხრა, რომ პარტნიორები ასე არ იქცევიან. დახურულ კარს მიღმა ელჩმა და პარლამენტის სპიკერმა 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზეც ისაუბრეს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, საქართველოს მთავარი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სასამართლო სისტემის რეფორმირებაა.

მედიასთან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ კი თქვა, რომ მართლმსაჯულების შეფასებისას სასამართლოს გადაწყვეტილებებით უნდა იხელმძღვანელონ. ამერიკის ელჩმა დღეს მედიის კითხვებს სხვა თემაზეც უპასუხა.

მოსაზრებას, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, დიპლომატი ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ ამერიკას საქართველოსთვის რაიმე საფრთხის შექმნის არანაირი ინტერესი არ გააჩნია. მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება მტკიცებულებებს ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სავიზო შეზღუდვის გაუქმებას ითხოვს.

დღის ამბები