26 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში - რა როლი აქვთ საქართველოს და აზერბაიჯანს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში

ბოლო ექვს თვეში მეორე შეხვედრა, ამჯერად აზერბაიჯანში - ჰეიდარ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს ქალაქ ქაბალაში უმასპინძლა. ორი ქვეყნის ლიდერებმა პირისპირ გამართული მოლაპარაკების შემდეგ თქვეს, რომ ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები, ისტორიული პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

თავდაცვა, განათლება, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა - აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ორი ქვეყნის კავშირი მრავალ მიმართულებას მოიცავს. ენერგოუსაფრთხოება და საქართველოსა და აზერბაიჯანის როლი შუა დერეფნის გააქტიურებაში - ილჰამ ალიევმა საკუთარ გამოსვლაში სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოსა და აზერბაიჯანს რომ ევროპისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების დიდი პოტენციალი აქვს, ამ თემებზე ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი ახსენა. უკვე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილი პროექტების გარდა, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მშვიდობის შენარჩუნება ეკონომიკური კეთილდღეობისთვის აუცილებელი პირობაა.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებით საქართველო და აზერბაიჯანი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული მეგობრობის გაღრმავებაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ჰეიდარ ალიევი გაიხსენა.

ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან და სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია - ამ სიტყვებით გამოეხმაურა აზერბაიჯანში ვიზიტს საქართველოს პრემიერი სოციალურ ქსელში. ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერში დაწერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთად დგომით, შეუძლიათ რეგიონალური გამოწვევების დაძლევა და თანამშრომლობის სტიმულირება რეგიონში საერთაშორისო ინტერესების განსახორციელებლად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს ჩაფრინდა. ქაბალის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

დღის ამბები