26 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
დღევანდელი სასამართლო დიამეტრალურად უფრო თავისუფალი და მიუკერძოებელია, ვიდრე ის, რაც ჩვენ ჩავიბარეთ - არჩილ თალაკვაძე

"დღევანდელი სასამართლო დიამეტრალურად უფრო თავისუფალია, ბევრად უფრო თავისუფალი და მიუკერძოებელია, ვიდრე ის, რაც ჩვენ ჩავიბარეთ; ჩვენმა ხელისუფლებამ, რეალურად, ბევრად გააუმჯობესა სასამართლოს დამოუკიდებლობა, არ ჩაერია იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ,"- ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

წამყვანის რეპლიკას, რომ, შესაძლოა, ხელისუფლების ნაბიჯები არ იყო საკმარისი სტრატეგიული პარტნიორებისთვის სასამართლო სისტემის დადებითად შესაფასებლად, თალაკვაძემ უპასუხა, რომ ამ მხრივ იდეალური მდგომარეობა არც ამერიკის შეერთებულ შტატებშია და ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე. 

"იდეალური სასამართლო არ აქვს ამერიკის არცერთ პარტნიორ ქვეყანას. დღეს ხედავთ, რომ აშშ-ს შიგნითაც არაერთი დისკუსიაა ძალიან ბევრ საქმეზე, მათ შორის, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ უნდა დაასანქციროს სასამართლო სისტემა, მითუმეტეს სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის, მითუმეტეს ამ ურთიერთობის ხარისხისა და ინტენსივობის გათვალისწინებით.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით. აქ საქილიკო და სასაცილო ამბავი არ არის. სულ რაღაც ერთი საათია გასული, რაც გასაჯაროვდა ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, ამას სერიოზულად ვეკიდებით, მოვეკიდებით და თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი კომუნიკაცია და შემდგომი ნაბიჯები, ამას საზოგადოებას გავაგებინებთ და ავუხსნით. ამ ყველაფრის ფონზე და ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით, არ არის სამართლიანი ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება და, ვიტყოდი, კატეგორიულად მიუღებელიცაა, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ასეთი მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა. აშშ-ს მთავრობას არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი, - რა თქმა უნდა, აქ საქართველოს მთავრობა იგულისხმება,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ახდენენ მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას. 

დღის ამბები