26 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ლევან მურუსიძე: ამ გადაწყვეტილებით არის მცდელობა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მთლიანად შეერთებულ შტატებს დაექვემდებაროს

"რეალურად ხდება სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომ შემდგომ მოხდეს ბერკეტების ხელში აღება. ეტყობა, სასამართლო რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ვიღაცებს არ აწყობდათ, ვის, ეს ცხადია უკვე. მცდელობაა იმისა, რომ ქართული სასამართლო და ქართული მართლმსაჯულება დაექვემდებაროს ამერიკის შეერთებულ შტატებს,- ასე გამოეხმაურა ლევან მურუსიძე შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას მისი და სასამართლო სისტემის კიდევ რამდენიმე წევრის სანქცირებასთან დაკავშირებით. 

როგორც მოსამართლე "კურიერთან" ინტერვიუს დროს აცხადებს, იგი მუშაობდა იმისთვის, რომ სასამართლო მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი და ქვეყანას სუვერენიტეტი არ დაეკარგა.

"სიმართლე გითხრათ არ მეშინია, გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც არის. არ არის ნამდვილად სასიამოვნო, მაგრამ არც იმის მეშინია - ქონება არ მაქვს რომ ანგარიშები დამიყადაღონ. მე მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ღირსეულად, საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, ხოლო თუ ვიღაცებს თავიანთი მიზნები აქვთ რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, მერე მართონ და ამას დაარქვან ადამიანის უფლებებისა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება... როგორც არის -  ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ძალა არის, თავი დახარო და უკადრებელი იკადრო. მე ვცხოვრობდი ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას. მიმაჩნდა, რომ სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია, ვემსახურებოდი იმას, რომ სასამართლო მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი და ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი არ დაეკარგა, მაგრამ, ნუ, რა ვქნათ ახლა,"-აცხადებს მურუსიძე "კურიერთან" საუბრისას.

"კურიერის" კითხვაზე, თუ რატომ არის ხაზგასმული კორუფციასთან კავშირი ენტონი ბლინკენის განცხადებაში, მურუსიძემ უპასუხა, რომ კორუფციასთან კავშირი მხოლოდ მიზეზია რეალური მიზნების დასამალად. 

"რა კორუფციაზეა საუბარი, თუ რამე კორუიფციაში ვიყავი ჩართული, დააყადაღონ ანგარიშები და ამოიღონ რაღაცა. აქ კორუფციაზე არ არის რეალურად საუბარი - როცა საუბრობენ კორუფციაზე, რეალურად არის ლაპარაკი იმაზე, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მართვა უნდათ. არავის არ სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, უნდათ, რომ შემოვიდნენ სასამართლო სისტემაში და მართონ სასამართლო სისტემა. მე რომ გავაკეთე განცხადებები ამერიკის საელჩოზე, რომ რეალურად სასამართლო სისტემას არაფერში არ ეხმარებიან და რეალურად ეს ყველაფერი არის პიარი, იფიქრეს, რომ ლევან მურუსიძე გვიშლის ხელს იმაში, რომ ჩვენ შევიდეთ სასამართლო სისტემაში, ჩვენი კონტროლი დავამყაროთ და გასაგებია ეს. გამოჩნდება ყველაფერი, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, მაგრამ არ ვაპირებ რამეზე თავი დავხარო. ბაბუაჩემსაც არ უვლია ევროპაში და მეც როგორღაც გავძლებ აქ. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ის არის, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნება ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც ძალიან კარგი და კეთილი ადამიანები არიან. ქართველი ხალხის სახელით იტყვიან ხოლმე რაღაცებს, სინამდვილეში ამერიკელმა ხალხმა საქართველო სად არის, ისიც არ იციან. ქართული სახელმწიფო სისტემის ხელში ჩაგდების პროცესი მიმდინარეობს,"-განაცხადა ლევან მურუსიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები