26 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
"ტრამპ თაუერიდან" სასამართლოში და 57 წუთიანი დაკავება- პირველად შეერთებული შტატების ისტორიაში, 45-ე პრეზიდენტი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული

ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ბრალდებულია. ერთსაათიანი, ისტორიული სასამართლო პროცესის შემდეგ, 76 წლის ტრამპი დროებით თავისუფალია და ამერიკის საზოგადოების აზრი ისევ ორად არის გაყოფილი. მისი ათეულობით მილიონი ამომრჩეველი თვლის, რომ ტრამპს მოგონილი ბრალდებით არჩევებისკენ მიმავალ გზას უღობავენ. მოწინააღმდეგეების აზრით კი ის კრიმინალია, რომელიც კანონზე მაღლა ვერ დადგება.

დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ტრამპი ნიუ-იორკში, სასამართლოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფლორიდიდან ჩავიდა. პროცესის დღეს ის მანჰეტენის სასამართლოში, ტრამპ თაუერსიდან გაემგზავრა. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი მანქანების ესკორტის და დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა, რასაც სახელმწიფო პრეზიდენტებისთვის უზრუნველყოფს. საკმაოდ უხერხული მომენტი იყო, როდესაც სასამართლოს დაცვამ ტრამპს შენობაში შესასვლელი კარი არ დაუკავა. ტრამპი მე-15 სართულზე ავიდა, სადაც მოსმენა იმართებოდა და მართლმსაჯულებას ჩაბარდა. ის ბრალის წარდგენამდე ფორმალურად დაკავებული იყო.

ყოფილ პრეზიდენტს თითის ანაბეჭდები აუღეს, თუმცა გამონაკლისის სახით ხელებზე არც ბორკილები დაადეს და არც ფოტოები გადაუღიათ. სასამართლოს დარბაზში ვიდეოგადაღება არ მიმდინარეობდა. მოგვიანებით გავრცელდა რამდენიმე ფოტო, როგორ ზის ტრამპი მოპასუხის მაგიდასთან, მისი ადვოკატების ჯგუფთან ერთად. ამ კადრების გარდა, გავრცელდა ჩანახატები, რაც ამერიკული მართლმსაჯულების პრაქტიკაშია დამკვიდრებული. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალის 34-ვე ეპიზოდი, რომელიც წინასაარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებას ეხება, ნიუ იორკის შტატის კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია.

ერთ-ერთი ეპიზოდია პორნოვარსკვლავ სთორმი დენიელსისთის 130.000 დოლარის გადახდის ფაქტი იმის სანაცვლოდ, რომ დენიელსი ჩუმად ყოფილიყო და მასთან რომანზე არ ელაპარაკა. თავის მხრივ, გადახდა კანონდარღვევა არ არის, თუმცა ტრამპმა და მისმა ადვოკატმა ეს იურიდიულ მომსახურებად გააფორმეს, რაც საარჩევნო ანგარიშის გაყალბებად და დანაშაულად ითვლება. ამ კონკრეტული ბრალდებით, ტრამპის ადვოკატი მაიკლ კოენი გასამართლებულია და 3 წელი მიუსაჯეს, თუმცა იმ დროს პრეზიდენტისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. საქმის მასალებში, ვისაც ფული გადაუხადეს, სთორმი დენიელსი ერთადერთი ფიგურანტი არ არის. ანაზღაურება კიდევ 2 პირთან მოხდა, რომელსაც ტრამპზე, წინასაარჩევნოდ ნეგატიური ინფორმაცია ჰქონდა.

ერთ-ერთია ტრამპ თაუერსის თანამშრომელი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ტრამპის უკანონო შვილზე ჰქონდა ინფორმაცია. ანაზღაურება "ემერიქან მიდიას" მეშვეობით ხდებოდა. დონალდ ტრამპი კატეგორიულად უარყოფს სთორმი დენიელსთან რომანს და საქმის ფიგურანტებთან უკანონო ფინანსურ ანგარიშსწორებას. თვლის, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნაა და მოსამართლეს, რომელიც ასამართლებს ტრამპი სძულს.

დონალდ ტრამპის შემდეგი პროცესი 4 დეკემბერს გაიმართება. რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე რესპუბლიკელები პრაიმერებს დაიწყებენ, პარტიის მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად. ტრამპი ცდილობს, მისი პოტენციური რეპუტაციული ზიანის საფრთხე, სწორედ შიდა არჩევნებამდე გააუვნებელჰყოს.

დღის ამბები