თითქმის 60 წელი კომენტატორის მიკროფონთან, 78 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი სპორტული ჟურნალისტი, კომენტატორი და მწვრთნელი ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა. პირველი მატჩის ტრანსლაცია 1963 წელს წაიყვანა, ამის შემდეგ კი იყო ნახევარსაუკუნოვანი კარიერა საქართველოს ტელევიზიაში, რადიოსა და მის მიერ დაფუძნებულ სპორტულ რადიო "ჯაკოში". სპორტული ჟურნალისტიკის გარდა, ქვეყანას თავი ჯამლეტ ხუხაშვილმა როგორც კარგმა საკალათბურთო მწვრთნელმაც დაამახსოვრა. 1986 წელს ის, "საზოგადოება დინამოს" საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, 1994 წელს კი ეროვნული ნაკრების თავკაცობა ჩაიბარა. სპორტული კომენტატორობის გარდა, ხუხაშვილი აქტიურად ეწოდა საზოგადოებრივ ცხოვრებასაც, განსაკუთრებით კი საქართველო-ისრაელის დაახლოების საკითხში.
ცნობილი ჟურნალისტი, კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს და ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე, ეს იმ ტიტულების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ჯამლეტ ხუხაშვილი წლების განმავლობაში ღირსეულად ატარებდა.
ჯამლეტ ხუხაშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შექმნა და განვითარება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა ქართული კალათბურთის წინსვლისა და მისი სახელის საერთაშორისო ასპარესზე გასატანად. ჯამლეტ ხუხაშვილი არაერთი სახელოვანი ქართველი კალათბურთელისა და თაობის აღმზრდელია მათ შორის გიორგი შერმადინი, მისი ღვაწლი კალათბურთის განვითარებაში კი ფასდაუდებელია.
ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალებას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალური ქსელში სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა
2004 წელს ჯამლეტ ხუხაშვილი დასახელდა საუკეთესო სპორტულ კომენტატორად. 2014 წელს კი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადაეცა.