გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. ილია დარჩიაშვილი twitter-ის გვერდზე წერს, რომ მიღებული რეზოლუცია საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის დადასტურებაა.
"გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა," - წერს ილია დარჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო. რეზოლუციაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მასში ასევე ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა.