უკრაინაში დაწყებული ომის გამო, პუტინმა საკუთარ საზღვრებთან მეტი ნატო მიიღო. რამდენიმე საათის წინ, ნატოს შტაბ-ბინაში ფინეთის დროშა ოფიციალურად აღმართეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო ალიანსის 30 ქვეყანას, 31-ე დაემატა. უკვე ნატოს წევრ ფინეთს, რუსეთთან 1 300 კილომეტრიანი საზღვარი აქვს, რომლის ერთ მონაკვეთზე, მოსკოვს სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტები და ჩრდილოეთის ფლოტის ბაზები აქვს განლაგებული.
ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, თურქეთი ბლოკავდა, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ ერდოღანმა სკანდინავიურ ქვეყანას მწვანე შუქი აუნთო, რასაც ვერ ვიტყვით შვედეთზე.
ოფიციალურ ანკარა სტოკჰოლმს ბრალს ქურთების მუშათა პარტიისა და ფეტულახ გიულენის მომხრეების მფარველობაში სდებს.
ფინეთის ალიანსთან მიერთებით, ნატომ მიიღო ძლიერი, ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფო მის რიგებში და ნეიტრალური ბუფერული ზონის ნაცვლად, ახალი, 1340 კილომეტრიანი საზღვარი რუსეთთან. რუსეთმა მიიღო ნატო მის საზღვრებთან. ანკარამ მიიღო კიდევ მეტი წონა და პოტენციურად მისთვის მეტი ანგარიშის გაწევა ალიანსში, რადგან წევრობის მოლოდინშია შვედეთი. შესაძლოა თურქეთმა მიიღოს კონგრესის თანხმობა და F16 გამანადგურებლები ამერიკისგან. თუმცა ანკარა ირწმუნება, რომ ნატოს გაფართოება და F16-ების შეძენა სხვადასხვა საკითხია.
შვედეთისთვის, ნატოსკენ მიმავალი გზა მხოლოდ ყურანის დაწვის გამო არ ჩაკეტილა. კიდევ ერთი მიზეზია, თურქეთის მოთხოვნის უგულებელყოფა, ტერორიზმში ბრალდებული მოქალაქეების ექსტრადირების შესახებ. შვედეთის უზენაესმა სასამართლომ გასული წლის დეკემბერში, თურქეთს არ გადასცა ჟურნალისტი ბულენთ ქენეში, რომელსაც ანკარა გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ადანაშაულებს. სტოკჰოლმი განმარტავს, რომ წაყენებული ბრალდებების ნაწილი, შვედეთის კანონმდებლობით დანაშაული არ არის და შესაძლოა ადგილი, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდეს. კიდევ ერთხელ, აქაც შვედეთის მიერ დემოკრატიული ღირებულებების და კანონის პატივისცემაზე გვაქვს საუბარი. ანკარისთვის დევნილი ჟურნალისტის გადაცემა, თავად შვედეთში ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი იქნებოდა. ახლა სტოკჰოლმში თურქეთის არჩევნების დასრულებას ელოდებიან და აკვირდებიან, შეიძლება თუ არა შეიცვალოს რამე შიდა პოლიტიკაში, 14 მაისის შემდეგ.