ბარიკადები და უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მანჰეტენზე- სასამართლო შენობასთან. მთელი მსოფლიო ისტორიულ მომენტს ელოდება , როდესაც პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.
ადგილზე საიდუმლო სამსახური და ნიუ-იორკის პოლიცია პატრულირებს- მანჰეტენზე აქციებსა და არეულობას ელოდებიან. ნიუ იორკის მერმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები ტრამპის სასამართლოში გამოცხადების დღეს, მშვიდობიან საპროტესტო აქციას გეგმავენ. ამერიკის 45- ე პრეზიდენტს სოლიდარობა მისმა მხარდამჭერებმა ტრამპ თაუერთანაც გამოუცხადეს , სადაც ექს პრეზიდენტი სასამართლოში მისვლამდე იმყოფება.
დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესზე სავარაუდოდ მედიას არ დაუშვებენ. ექსპრეზიდენტმა სასამართლოში გამოცხადებამდე დაწერა რომ მას პროცესზე ბრალდების 33 პუნქტს წარუდგენენ. ბრალდებების შინაარსი ისტორიულ სხდომაზე გახდება ცნობილი რომელიც ადგილობრივი დროით დღეს 14:15 წუთზეა ჩანიშნული.ნაფიცი მსაჯულების მიერ ბრალის წაყენების შემდეგ ტრამპი ვალდებულია მართლმსაჯულებას ჩაბარდეს. ჩააბაროს თითის ანაბეჭდები, გადაიღოს ფოტო.
ამის შემდეგ კი მას მოსამართლე ბრალს წაუყენებს. ვარაუდობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს არ დააკავებენ, ის სავარაუდოდ გირაოს სანაცვლოდ სახლში დაბრუნდება და გვიან საღამოს მხარდამჭერებს მიმართავს.
ექს პრეზიდენტს 2016 წლის არჩევნებამდე პორნომსახიობისთვის გადახდილი თანხისთვის ედავებიან, რომელსაც ტრამპთან კავშირის შესახებ, დუმილი არ უნდა დაერღვია. ბრალდების მიუხედავად შტატების 45-ე პრეზიდენტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას კვლავ გეგმავს და საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულიც აქვს.