სატელეფონო საუბრით, რომელიც ქურდული გარჩევის და ფიზიკური დაპირისპირების დეტალებს ასახავს, ირკვევა, რომ ჭიათურაში ორ დაჯგუფებას შორის ფინანსური დავა კრიმინალური ანგარიშსწორების მიზეზი გახდა.
სასაფლაოზე, საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს, დავით თოდუას დაპირისპირებული მხარე ფიზიკურად გაუსწორდა. თოდუას კრიმინალურ წრეებში “ტაისონას“ მეტსახელით იცნობენ. კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით, მან საქმეში უცხოეთში მყოფი ე.წ კანონიერი ქურდები ჩართო. სწორედ ამ მიზეზით, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამავე საქმეზე სამართალდამცველებმა ხელბორკილები დაადეს და საპატიმროში გადაიყვანეს დავით თოდუასთან დაპირისრებული ჯგუფის წევრებს. ქურდული გავლენების გავრცელებისა და კრიმინალური სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულნი არიან დავით ჭიოკაძე, ლევან ბრეგვაძე და ზაალ ბარათაშვილი.
ახლობლების ნაწილი დაკავების ფაქტს ადასტურებს, ნაწილს კი კამერების წინ საუბარი არ სურს. ცნობილია, რომ სამივე დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.
მიხეილ ჩაფიჩაძე მეტსახელად "მაჩვიჩი" და ჯეირან კინწურაშვილი, იგივე "ჯეირან ხონსკი" - ეს თურქეთში მყოფი ის კანონიერი ქურდები არიან, რომლებიც ფინანსური დავის გადაწყვეტაში დისტანციურად მონაწილეობდნენ. ჩანაწერებით ირკვევა, რომ მათ დაპირისპირებულ მხარეებს საქმის გასარჩევად ჭიათურიდან თურქეთში ჩასვლა მოსთხოვეს. ჯეირან კინწურაშვილის ადვოკატი საქმესთან “კანონიერი ქურდის“ კავშირს უარყოფს.
ქურდული გარჩევის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.