26 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ყველა სამართლებრივ რესურსს ამოვწურავთ როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ - გოგაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

5-წლიანი პატიმრობა სუსის უფროსის ყოფილ მოადგილეს - სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, განაჩენი გოგაშვილის ახლობლებმა გააპროტესტეს.

სოსო გოგაშვილის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

"იოსებ გოგაშვილს აღნიშნული მასალები არც მოუპოვებია და არც შეუნახავს. რა ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაზეც იყო აღნიშნული კადრები ჩაწერილი, მასზე არ ამოვიდა იოსებ გოგაშვილის დნმ, შესაბამისად, ის არ ინახებოდა იოსებ გოგაშვილის სახლში. კანონით დადგენილი წესით, ჩვენ ყველა სამართლებრივ რესურსს ამოვწურავთ როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ,"- აცხადებს ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე.

საქმის პროკურორის შეფასებით კი, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

"საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იყო ურთიერთშეჯერებული მრავალი მტკიცებულება და მათი გაცნობის შემდეგ, სასამართლომ მიიღო სწორედ რომ სამართლიანი გადაწყვეტილება და დამნაშავედ ცნო იოსებ გოგაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში, ხუთივე ეპიზოდში,"- აცხადებს საქმის პროკურორი ირაკლი მარშანია.

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სასამართლომ წარდგენილ ხუთივე ბრალში დამნაშავედ სცნო. ყოფილ ჩინოსანს ადანაშაულებენ სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც სახელმწიფოს ინტერესის დარღვევა გამოიწვია, ასევე პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებასა და იარაღის უკანონო შეძენა- შენახვაში.

 

 

დღის ამბები