26 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
მკვეთრად გაუარესებული არა, მაგრამ საგრძნობლად გაუარესებულია, წონა დაახლოებით 63.400 კილოგრამია - ნევროლოგი სააკაშვილზე

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნა გასაჯაროვდა. ექიმები ამბობენ, რომ წინა ვიზიტთან შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულია.

სააკაშვილმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი, გადაადგილება კი სისუსტის გამო მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

ექიმები აღნიშნავენ, რომ წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.

ნევროლოგის თენგიზ წულაძის განცხადებით, ამ დროისთვის სააკაშვილის წონა დაახლოებით 63.400 კილოგრამია.

"მკვეთრად გაუარესებული არა, მაგრამ საგრძნობლად გაუარესებულია. 4 კილოგრამი დაიკლო, ახლა მაგისთვის მცირე კლებაც მნიშვნელოვანი იქნება. 67 და 900 იყო, ახლა 63 და 400-ია, დაახლოებით 4 კილოგრამია კლება. კახექსია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, სარკოპენია. არის ნეიროპატია, რომლის საფუძველზეც ვფიქრობთ, რომ არის განვითარებული წნევის მნიშვნელოვანი ვარდნა წამოდგომისას, რამაც შეიძლება გონების დაკარგვაც გამოიწვიოს. თუ შესაძლებელი იქნებოდა მაგის მკურნალობა, აქამდე უმკურნალებდნენ. როგორც ჩანს ამ კლინიკამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ამას უკვე რამდენი ხანია ვამბობთ," – ამბობს ნევროლოგი თენგიზ წულაძე.

ბოლო პერიოდის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აქტიურად ელოდებოდა სახალხო დამცველის კონსილიუმის ამ დასკვნას, რადგან როგორც ისინი ამბობდნენ, ეს დასკვნა უნდა დართვოდა იმ საჩივარს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგში წარსადგენად ამზადებდნენ. თუმცა, დღეს ადვოკატებს კონკრეტულად არაფერი უთქვამთ თუ როდის გაიგზავნება საჩივარი სტრასბურგში. ისინი ამბობენ, რომ არ სურთ საკუთარ სტრატეგიასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრონ.

"დასკვნის შესწავლის შემდეგ იურიდიული ჯგუფი იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მნიშვნელობით და რა კუთხით შეიძლება ამ დასკვნის გამოყენება. ცალსახად, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად ჰპოვებს ასახვას სხვადასხვა სამართლებრივ მოქმედებებში და სამართლებრივ ქმედებებში როგორც ეროვნულ, ასევე შესაძლო ჰიპოთეტურ საერთაშორისო დონეზეც. ადვოკატები შეჯერებული ვართ, რომ თუ საჭიროდ ჩავთვლით სტრასბურგშიც წავა სარჩელი წამების კომიტეტშიც. ამ ეტაპზე უფრო დეტალური საუბარი დაცვის მხარეს სამართლებრივ სტრატეგიაზე ჩვენს ინტერესებში არ შედის," - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

ენმ-ში კი განმარტავენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

„პრაქტიკულად, ყველა მაჩვენებელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის აჩვენებს, რომ რეალურად უმძიმესი მდგომარეობის ქვეშ არის მესამე პრეზიდენტი და ხელისუფლებას მართებს დაუყოვნებლივი მოქმედება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს დასკვნა მყისიერად უნდა დაედოს საფუძვლად სტრასბურგში სარჩელს, ვინაიდან ევროსასამართლოსთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი, ღირებული დასკვნა იმისთვის, რომ ამ კრიტიკულ ვითარებაში მიიღოს გადაუდებელი ღონისძიების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშილმა.

დღის ამბები