26 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისზე: არავის აინტერესებს არცერთი ადამიანის ვიზუალი, სახელმწიფოს აინტერესებს ის, რომ ამ ადამიანს ბრალად ედება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ  7-9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების დროს  პოლიციელზე თავდასხმის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის ვიზუალი სახელმწიფოსთვის არ არის საინტერესო. მისი თქმით, მთავარია ის, თუ რას აკეთებდა აღნიშნული პიროვნება, რაში ედება ბრალი და რა მტკიცებულებებია საქმეში მისი ბრალდების დასამტკიცებლად. 

მამუკა მდინარაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ სამართალდამცავის ცოცხლად დაწვის მცდელობაზე მკაცრად არამხოლოდ საქართველო, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყანა რეაგირებს. 

„მოლოტოვის კოქტეილებით წვავენ პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებსაც დღე და ღამე აქვთ გასწორებული, ტყვიაზე მიდიან ჩვენი, თქვენი, ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გამო. შენ დგახარ, ესვრი მოლოტოვის კოქტეილს რომ დაწვა ცოცხლად, მერე ღვთის ნებით, დამზღვევი მექანიზმების გამოყენებით, კარგად იყვნენ დატრენინგებული და გადაირჩინეს თავი ცოცხლად დაწვისგან და თურმე, ეს უნდა „გავატაროთ“, იმიტომ რომ რომელიღაც ოპონენტს უთქვამს, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო იჩაგრებაო. არავინ არაფრის გამო არ იჩაგრება ამ ქვეყანაში, ძალიან დიდი ხანია არაერთი წელია უკვე - 2012 წლამდე პერიოდი არ არის. არავის აინტერესებს არც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, არც განსხვავებული შეხედულება თუ გამომეტყველება და არც განსხვავებული ვიზუალი ვინმესი. მთავარია, რას აკეთებდა, რაში ედება ბრალი და რაზეა მტკიცებულება. პოლიციელების ცოცხლად დაწვას, არამხოლოდ საქართველო, არამედ ვერცერთი ქვეყანა ვერავის „გაუტარებს“.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები