26 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
რატომ გააჩინა ანზორ ლომიძემ ხანძარი სასტუმრო "ამბასადორში" - გამოძიება და სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას ელოდება

მკურნალობაზე უარი თქვა, რის გამოც მისი ქცევა უკონტროლო გახდა - ასეთია იმ პირის ოჯახის პოზიცია, რომელმაც სასტუმრო "ამბასადორში" ხანძარი გააჩინა. 27 წლის ანზორ ლომიძე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა, გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმროში ცეცხლი სწორედ მან გააჩინა. ბრალდებულის ოჯახიც და ადვოკატიც ფსიქიატრის ექსპერტიზას ელოდებიან.

ანზორ ლომიძეს, რომელმაც სასტუმრო "ამბასადორში" 600 კვადრატზე მეტი დაწვა, 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა, თუკი ექსპერტიზა იტყვის, რომ ბრალდებული შეურაცხადია, მას მოსამართლის გადაწყვეტილებით იძულებითი მკურნალობა დაენიშნება. ლომიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. მას გამოძიება "ამბასადორში" ცეცხლის განზრახ გაჩენას ედავება.

მამაკაცი ცეცხლმოკიდებული შენობის ფონზე - ეს კადრი სასტუმრო "ამბასადორში" მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მალევე გაჩნდა ვერსია, რომ ხანძარი სწორედ მან გააჩინა, რაც მეორე დღეს ოფიციალურ ბრალდებად იქცა. 27 წლის ანზორ ლომიძე დღეს უკვე სასამართლოში, განსასჯელის სკამზე ზის. ბრალი არ უღიარებია და დუმილის უფლებით სარგებლობს. მან მოსამართლის მხოლოდ რამდენიმე ზოგად კითხვას უპასუხა, თუმცა ეს პასუხები მკაფიო არ ყოფილა.

დღევანდელ პროცესზე ორივე მხარე საუბრობდა გარემოებაზე, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ასევე გაირკვა, რომ ბოლო პერიოდში, ოჯახის წევრების მცდელობის მიუხედავად, მკურნალობაზე უარი თქვა, რამაც მისი ქცევა უკონტროლო გახადა. იაზრებდა თუ არა ანზორ ლომიძე 1 აპრილს სასტუმროში განვითარებული მოვლენებს და შეეძლო თუ არა საკუთარი ქცევის კონტროლი - ეს საკითხი ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ უნდა დააზუსტოს. მანამდე კი ადვოკატები პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ანზორ ლომიძეს არა საპატიმროში, არამედ სამკურნალო დაწესებულებაში სჭირდება განთავსება. გარდა ამისა, დაცვის მხარე სადავოდ ხდის უშუალოდ ბრალდებას, რომ ხანძარი ლომიძემ გააჩინა. იყო შესაბამისი შუამდგომლობებიც, თუმცა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასტუმრო "ამბასადორში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დამდგარი ზარალი მასშტაბურია. დამწვარია 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობი, მათ შორის, რესტორანი, სასტუმროს ნომრები და დერეფნები.

დღის ამბები