26 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ისევ არ ჩივის - აკლია თუ არა ექსპრეზიდენტის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად მტკიცებულებები

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისევ არ ჩივის - აღმოჩნდა, რომ სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად საქმეს მტკიცებულებები აკლია. პირველი, რამაც პატიმრის ადვოკატებს იმედები გაუცრუა, პოლონელი ექიმების ვიზიტია, რისთვისაც სააკაშვილი საგანგებოდ ემზადებოდა. ევროპელი ექიმები "ვივა მედში" ვერ მოხვდნენ, მიზეზი კი ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის მიერ არასწორად შედგენილი განაცხადია. ახლა პატიმარი მხოლოდ სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის იმედადაა. სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმები ამბობენ, რომ ოფიციალურ დასკვნას ორ დღეში გაასაჯაროებენ; მანამდე კი აცხადებენ იმას, რაც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია - პატიმარს 501-ე პალატიდან უცვლელი აქვს ნევროლოგიური მდგომარეობა, სუსტადაა და მისი მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა გაგრძელდეს.

ექსპრეზიდენტის სხვაგან სამკურნალოდ გადაყვანაზე კლინიკა "ვივა მედი" გადაწყვეტილებას ვერ იღებს და პენიტენციური უწყების პასუხს ელოდება. თავად პატიმარი კვლავ უარს ამბობს კლინიკის საკვებსა და მედიკამენტებზე. ერთადერთი სერვისი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი თანხმდება, სიმპტომური მკურნალობაა.

მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ადვოკატმა თქვა, რომ მსჯავრდადებულს ევროსასამართლოში დავის დაწყება ჯერ არ სურს. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ექსპრეზიდენტი სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას და დამატებით მტკიცებულებებს ელოდება.

ადვოკატისგან განსხვავებული პოზიცია აქვს მიხეილ სააკაშვილის დედას. გიული ალასანია ამბობს, რომ საჩივარი, მტკიცებულებებთან ერთად, მზად არის და ევროსასამართლოში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა ცნობილი 2 დღეში გახდება. სააკაშვილის შერჩევით კვებაზე საუბრობს "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი.

თვითდაზიანების შეწყვეტისკენ მოუწოდებს სააკაშვილს თეა წულუკიანი. ვიცე პრემიერის თქმით, ექსპრეზიდენტი სტრასბურგში ჩივილს არ ჩქარობს, რადგან, შესაძლოა, ევროსასამართლომ სახელმწიფოს ნაცვლად, პასუხისმგებლობა მას დააკისროს.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვლავ მძიმეს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობა". პარტიაში აცხადებენ, რომ ეს კონსილიუმმაც დაადასტურა.

საპარლამენტო უმრავლესობა ისევ სააკაშვილის თვითდაზიანებაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სამედიცინო სერვისით სრულად უზრუნველყოფილია. კლინიკა "ვივა მედი" მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს მარტის თვის სამედიცინო ისტორიას ხვალ გადასცემს.

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები