26 წლის დარია ტრეპოვამ ცნობილი რუსი პროპაგანდისტი და კრემლის ორატორი ვლადლენ ტატარსკი მოკლა. ახალგაზრდა ქალმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მცირე ზომის ქანდაკებაში ჩაამონტაჟა და რუს ბლოგერს საჩუქრად პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში გადასცა. საჩუქრის მიღებიდან რამდენიმე წუთში ქანდაკება აფეთქდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად, 40 წლის რუსი სამხედრო ბლოგერი ადგილზე დაიღუპა, დაშავდა 32 ადამიანი.
რუსული სპეცსამსახურების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე 200 გრამ ტროტილს უტოლდებოდა. პოლიციამ საქმეზე 26 წლის დარია ტრეპოვა დააკავა, მან კამერებთან დანაშაული აღიარა.
უცნობია დანაშაულის მოტივი, თუმცა რუსეთი მომხდარში უკვე ღიად ადანაშაულებს უკრაინულ სპეცსამსახურებს. კრემლმა დანაშაულს ტერაქტიც კი უწოდა. მოსკოვში აცახდებენ, რომ დაკავებული ქალი ნავალნის აქტიური მომხრეა, რომლის ფონდიც უკრაინული სპეცსამსახურების მოკავშირეა. ბრალდებას კიევში უარყოფენ და მომხდარს რუსეთში შიდა დაპირისპირებებს უკავშირებენ.
ტატარსკი, იგივე მაქსიმ ფომინი კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი იყო და უკრაინაში რუსულ აგრესიას უჭერდა მხარს. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამხედრო ბლოგერი იყო, რომელსაც ტელეგრამზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ყველას ახსოვს კრემლში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე პუტინის პროპაგანდისტის ცნობილი სიტყვები.
კაფე, სადაც აფეთქება მოხდა წარსულში ბიზნესმენსა და ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელს ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. თავად პრიგოჟინმა ფაქტი დაადასტურა და მომხდარში უკრაინის კვალი გამორიცხა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა კრემლმა ტატარსკი, ბოლო დროს რუსი სამხედრო ძალების სტრატეგიის კრიტიკისთვის დასაჯა.
უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ბლოგერის აფეთქება დარია დუგინას მკვლელობის შემდეგ უკვე მეორე გახმაურებული საქმეა, რომლის უკანაც პოლიტიკური ანგარიშსწორება დგას.