26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
პროტესტის ორი კვირა და უცვლელი მოთხოვნები - ექიმების საკონსულტაციო ჯგუფი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრს კვირის ბოლოს ელოდება

პროტესტის ორი კვირა და უცვლელი მოთხოვნები. რესპუბლიკურის ექიმები კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად კვლავ მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ. მედიკოსებთან დღეს პირველი დიალოგი შედგა, ჯანდაცვის უწყება მზადაა, ექიმებს მოუსმინოს და გადაწყვეტილებები მათთან კონსულტაციის შედეგად მიიღოს. სამი მოთხოვნიდან ერთის დაკმაყოფილება სამედიცინო პერსონალისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, კვირის ბოლოს ისინი ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან, რომელსაც საკუთარ პრეტენზიებს პირადად გააცნობენ.

თუმცა, პრეტენზიების მოსმენამდე, ჯანდაცვის მინისტრი აპირებს ექიმებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფცია გააცნოს. მინისტრი სამხარაულის ექსპერტიზისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დასკვნებს ელოდება, არ არის გამორიცხული, რომ ცენტრალური კლინიკის ნაწილი არა დემონტაჟს, არამედ მხოლოდ რეაბილიტაციას დაექვემდებაროს. საბოლოო პასუხის მიღებამდე კი, რესპუბლიკურის ექიმები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

დღევანდელმა შეხვედრამ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის პერსპექტივა გააჩინა. რესპუბლიკური საავადმყოფოს მედ პერსონალი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეჯერდნენ, რომ ექიმების მოთხოვნები და სამინისტროს მოსაზრებები შეძლებისდაგვარად უნდა დაახლოვდეს. მედიკოსები ერთ კვირაზე მეტია კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად მუშაობის გაგრძელების უფლებას, სამინისტროს წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციასა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ავალიანის გადაყენებას მოითხოვენ.

ექიმების საკონსულტაციო ჯგუფი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრს, კვირის ბოლოს ელოდება.პროტესტის ორი კვირა და უცვლელი მოთხოვნები - ექიმების საკონსულტაციო ჯგუფი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრს კვირის ბოლოს ელოდება.

დღის ამბები