ლაზარე გრიგორიადისის მეორე ჩვენების მოლოდინში - 21 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ერთხელ უკვე აღიარა, რომ პოლიციელებს "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა, ადვოკატის მეშვეობით აცხადებს, რომ აღიარება ძალოვნებს მუქარის ქვეშ მისცა; 7-9 მარტის მოვლენებზე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი პოზიცია აქვს - დააკავებენ ყველას, ვინც კანონი დაარღვია.
გამოძიებასთან კონკრეტული კითხვები აქვს მმართველ პარტიასაც - "ოცნებას" აინტერესებს, ახალისებდნენ თუ არა ოპოზიციური ლიდერები ძალადობას და კონკრეტულად ვინ იდგა ამ ქმედებების უკან. როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ძალადობრივ ქმედებებზე არავის სურს. ხელისუფლების ოპონენტები "ოცნებას" ბრალს საზოგადოების დაშინებაში სდებენ და ამტკიცებენ, რომ მარტის აქციები ახალგაზრდების ორგანიზებული იყო.
სანამ პოლიტიკოსები ერთმანეთს ბრალს სდებენ, ძალოვანი უწყება გამოძიებას აგრძელებს და ყველა იმ ვიდეო მასალას სწავლობს, სადაც ძალადობის კონკრეტული ფაქტებია ასახული.
ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტის აქციებზე ნამდვილად რომ იმყოფებოდა, ამას გამოძიება ვიდეომტკიცებულებით ადასტურებს. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში 7 მარტს გრიგორიადისის აქციამდე მისვლის პერიოდი და უშუალოდ დემონსტრაციაზე ყოფნაა ასახული. ორივე ფრაგმენტში დაკავებულს ერთი და იმავე ტანსაცმელი აცვია. ბრალდების მხარის ინფორმაციით, 7 მარტს გრიგორიადისმა სპეცრაზმს ე.წ "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, ხოლო 9 მარტის კადრების მიხედვით, ის სახლიდან სხვა სამოსით გამოდის და იმავე ღამეს რუსთაველის გამზირზე პოლიციის ავტომანქანას ცეცხლს უკიდებს.
ვინ იდგა აქციის მონაწილეების ქმედებების მიღმა - პასუხს მმართველი პარტიის ლიდერები გამოძიებისგან ელოდებიან. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ აქციების მშვიდობიანი ჩარჩოდან გასვლის ინტერესი რადიკალური ოპოზიციის გეგმის ნაწილი იყო და სწორედ ასეთი პოლიტიკური ძალები იყვნენ ძალადობის წამქეზებლები.
ოპოზიციურ პარტიებში სახელისუფლებო გუნდის ლიდერების განცხადებები დაშინების მცდელობად შეაფასეს. არცერთი ოპოზიციონერი არ ადასტურებს, რომ აქცია მათი ორგანიზებით იმართებოდა.
ოპონენტების პოზიციები საპარლამენტო უმრავლესობისთვის ორმაგი სტანდარტის მანიშნებელია. მათი განცხადებით, კანონის დარღვევას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს. უმრავლესობის წევრები ოპოზიციას მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ მოუწოდებენ.