26 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
უკრაინაში ომის 403-ე დღეა - როგორია ვითარება ფრონტის ხაზზე

უკრაინა უახლოეს მომავალში დიდ კონტრშეტევას ამზადებს, ამის შესახებ განცხადებებს აკეთებენ ოფიციალური პირები თუ დასავლელი ლიდერები. უკრაინამ მტრის წინააღმდეგ კონტრშეტევა შესაძლოა სხვადასხვა მიმართულებით წამოიწყოს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ბახმუტი, სადაც დღეს უმძიმესი ვითარებაა. ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები. უკრაინის თავდაცვის მინისტრმაც გააკეთა ამის შესახებ განცხადება და თქვა, რომ კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით, რაც შესაძლოა აპრილ-მაისში ვიხილოთ.

კონტრშეტევისთვის უკრაინა დამატებით შეიარაღებას და მძიმე ტექნიკას ითხოვს. პროცესი განახლდა და დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რამდენიმე მილიონიანი სამხედრო შეიარაღებით ეხმარებიან. ეს ყველაფერი კი უკრაინას შესაძლებლობას მისცემს სხვადსახვა მიმართულებით, სადაც განსაკუთრებით რთული ვითარებაა შეტევა წამოიწყონ. მაგალითად დონეცკის ოლქში - კონკრეტულად ქალაქ ბახმუტში, სადაც ამ დროისთვის მნიშვნელოვანი წინსლვა რუსეთს არ აქვს. ეს უკრაინული ძალების დამსახურებაა. თუმცა კონტრშეტევის წამოწყებისთვის მეტი ტექნიკა სჭირდებათ. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქიდან წამოწყებულმა შეტევამ შესაძლოა დონეცკის ოლქში უკრაინას მნიშვნელოვანი წინსვლა მისცეს.

1 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე. 30 წლის მიშა მაზანაშვილი უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებიდან იბრძოდა.

კიდევ ერთი ოლქი, სადაც სავარაუდოდ კონტრშეტევა დაიწყება - ეს ზაპოროჟიეა. ამ მხარეს რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული არმია დგას და შესაძლოა შეტევა გართულდეს. რაც შეეხება ხერსონის ოლქს - ამ ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში დღეს უკრაინული დროშა ფრიალებს, თუმცა რუსეთის ხელში უფრო მნიშვნელოვანი რამ არის ყირიმის არხი. ხერსონიდან რუსული ძალების გასვლის შემთხვევაში უკრაინელებს სტრატეგიული უპირატესობა ექნებათ ამ ოლქში. უკრაინელების მიზანია, ხერსონის ოლქში ფრონტის ხაზი გაარღვიონ და რუსებს მომარაგების სახმელეთო გზა გადაუჭრან, რომელიც მათ ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს.

ამის პარალელურად კი რუსეთი ცდილობს, საზღვაო ფლოტი გააძლიეროს. რამდენიმე საათის წინ უკრაინის საზღვაო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობაზე დააყენა ხუთი სამხედრო გემი, რომელთაგან ორი რაკეტმზიდი 12 ერთეული "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, რუსეთს სხვა ტერიტორიაზეც ჰყავს განთავსებული კალიბრის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი გემი. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა კალიბრის ფრთოსანი რაკეტა, რომლითაც დაიბომბა საცხოვრებელი უბნები, ინფრასტრუქტურა.

რაც შეეხება ბოლო 24 საათში განვითარებულ მოვლენებს. იერიში განხორციელდა ქალაქ "კოსტიანტინივკას" ცენტრზე. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი - დაიღუპა 6 და დაშავდა 8 მშვიდობიანი მოქალაქე. 60-ჯერ დაიბომბა ხერსონის ოლქი. ჭურვები აქაც საცხოვრებელ უბნებს მოხვდა - დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადგილობრივი. ოკუპანტებმა დაარტყეს სუმის ოლქის ორ დასახლებასაც. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ. სარაკეტო იერიში მიიტანეს ავდიივკაზეც. დაზიანდა ადმინისტრაციის შენობა და ინფრასტრუქტურა.

ავტორები: ავთო გვასალია, სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები