26 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
შსს სქესობრივი დანაშაულის პრევენციის მიზნით მუშაობას განაგრძობს, შექმნილია პედოფილების შავი სია - ბაზა, სადაც გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, ბავშვზე მოძალადე ხვდება

პედოფილები საქართველოში - ყველა მათგანის სახელი და გვარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცის. არსებობს სპეციუალი ბაზა, რომლის მეშვეობითაც სიცოცხლის ბოლომდე ასეთ ადამიანებს აკონტროლებენ. სამინისტრო ბაზაში ინახავს მსჯავრდებულების პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, ნასამართლობის, დაქტილოსკოპიურ და სხვა მაიდენტიფიცირებელ ცნობებს.

პედოფილია კლასიკური გაგებით მძიმე დარღვევაა, რომელიც ბავშვების მიმართ სექსუალური ლტოლვით ვლინდება. სამწუხაროდ, ეს თემა აქტუალობას არ კარგავს. ტრაგიკული შემთხვევების რიცხვიც განაპირობებს იმას, რომ სიტყვა "პედოფილი" უკვე უცხო არავისთვისაა.

ერთ-ერთი ბოლო შემზარავი შემთხვევა ოთხშაბათს, ქარელში მოხდა. 15 წლის გოგონაზე ძალადობისთვის 63 წლის მამაკაცი დააკავეს. რამდენიმე დღის წინ, ალაპარაკდა კიდევ ერთი გოგონა, რომელიც ასევე უფროსი მამაკაცის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.

პედოფილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი - მოხუცებული, ახალგაზრდა, მდიდარი, ღარიბი, ინტელექტუალი თუ ნაკლებად ინტელექტუალი. შესაბამისად მათი ამოცნობა რთულია. გამომდინარე იქედან, რომ ბავშვის დაშინება უფრო მარტივია და მან არ იცის, რა არის სექსუალური ძალადობა, შესაძლოა, ამის შესახებ ვერავის გაუმხილოს.ამიტომ, აუცილებელია მშობლებმა ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ, რომ შვილი პედოფილის საფრთხისგან დავიცვათ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 15 წლის გოგონა ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლია. მისი ჩვენება მძიმეა და "კურიერი პიესი" მხოლოდ ნაწილობრივ ასაჯაროებს. ეს მოზარდზე სავარაუდო ძალადობის პირველი შემთხვევა იყო, რომელსაც მეზობელი ქალი შეესწრო და პოლიციას აცნობა. სავარაუდო პედოფილი დაკავებულია.

კიდევ ერთი მსხვერპლი გოგონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ალაპარაკდა, "კურიერი პიესსთან" ინტერვიუში სამწლიან ტრაგედიაზე ყვება. მოძალადე სოციალური ქსელით გაცნობილი 27 წლის კაცია, რომელიც ახლა ბრალდებულის სკამზე ზის.

"კურიერი" სხვა არაერთ მძიმე ისტორიას ინახავს, სადაც პედოფილების სამიზნე 14-წლამდე ბავშვები არიან.

11 წლის უსინათლო გოგო მამინაცვალს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ძალადობის არაერთ ფაქტს შეესწრო მსხვერპლის 8 წლის ძმა. მშობელს არც-ერთი შვილის არ სჯერა.

ხანდახან დედა, ხშირად კი სავარაუდო დამნაშავის ადვოკატები ამბობენ, რომ ბავშვი ცრუ ჩვენებას აძლევს. ასე ამბობს 12 წლის შვილიშვილის 60-ჯერ გაუპატიურებაში მხილებული ბაბუას უფლებების დამცველი.

დაზარალებული მოზარდები განსაკუთრებული სიფრთხილით, ფსიქოლოგების თანდასწრებით იკითხებიან. მუქარის ქვეშ მყოფების ალაპარაკება რთულია, თუმცა მსხვერპლები განცდილზე და ძალადობაზე ძირითადად მხოლოდ სიმართლეს ამბობენ - ასეთია ფსიქოლოგების დასკვნა, რომლებიც პედოფილიის მსხვერპლებთან მუშაობენ.

ექსპერტები პედოფილებს რამდენიმე კატეგორიად ყოფენ. ირკვევა, რომ პოტენციური მსხვერპლის არჩევა ძირითადად სააღმზრდელო დაწესებულებებთან ხდება. მოძალადეს ბავშვთან ურთიერთობის დასაწყებად მეთოდებიც აქვთ შემუშავებული. დამნაშავეები ყველაზე ხშირად მსხვერპლს ახლო გარემოცვიდან არჩევენ.

მკაცრი მიდგომა და მუდმივი კონტროლი - შინაგან საქმეთა სამინისტრო სქესობრივი დანაშაულის პრევენციის მიზნით მუშაობას აგრძელებს. შექმნილია პედოფილების შავი სია - ბაზა, სადაც გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, ბავშვზე მოძალადე ხვდება. მუდმივ კონტროლთან ერთად, ამ სიაში მყოფებს მუდმივი შეზღუდვები უწესდებათ.

ბაზა აერთიანებს გაუპატიურებისთვის, გარყვნილი ქმედებისთვის, პორნოგრაფიული მასალის დამზადებასა და გასაღებაში არასრულწლოვნის ჩაბმისთვის მსჯავრდებულ პირებს.

საგანმანათლებლო, სააღმზრდელო მომსახურების გაწევა, მიმდებარე ტერიტორიაზე 30 მეტრის რადიუსში გადაადგილება, არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრება, - ეს იმ აკრძალვების ნაწილია, რომელიც პედოფილებს ბაზაში მოხვედრის შემდეგ ეხებათ.

უმკაცრესი მიდგომა აქვს პროკურატურას - პედოფილების და მათი მსხვერპლების საქმეებზე სპეციალურად გადამზადებული პროკურორები მუშაობენ. საგამოძიებო უწყება უფრო ეფექტური გამოძიებისთვის მუშაობას აგრძელებს.

ძალადობა, რომელიც ბავშვის მეხსიერებაში ხშირად ცხოვრების ბოლომდე რჩება, სასჯელის უმაღლეს ზომას, უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები