26 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
თამბაქოს მეორადი კვამლი, გენეტიკური ფაქტორი და გარემო - კიდევ რა ფაქტორები უწყობს ხელს ალერგიის განვითარებას და რა არის საჭირო პრევენციისთვის

ალერგიას არცთუ უმიზეზოდ უწოდებენ ჩვენი საუკუნის დაავადებას. თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში მოსახლეობის 10-30%-ს სხვადასხვა სახის ალერგია აწუხებს. ეს მაჩვენებელი მზარდია. ალერგიული დაავადებების სწრაფი ზრდის პარალელურად, მიმდინარეობს ალერგიული დაავადებების რისკ-ფაქტორების და მიზეზების მეცნიერული შესწავლა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა ფაქტორები უწყობს ალერგიის განვითარებას ხელს:

"აღმოჩნდა, რომ ალერგიის განვითარებაში ერთ–ერთი უდავო და წამყვანი ფაქტორია გენეტიკური წინასწარგანწყობა. კვლევებით დადგინდა, რომ ალერგიის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაავადებულია ალერგიით: თუ ალერგიულია ერთ-ერთი მშობელი, ბავშვის ალერგიის განვითარების ალბათობა დაახლოებით 48 %-ია; ორივე ალერგიული მშობლის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 70%-მდე იზრდება. გარდა გენეტიკური ფაქტორისა, ალერგიის განვითარების ალბათობას ზრდის თამბაქოს მეორადი კვამლის (თამბაქოს მოწევის პროცესში გარემოში გამოყოფილი კვამლი) ზეგავლენა, საკეისრო კვეთით დაბადება და სხვა.

მსოფლიოში ალერგიით (მათ შორის ბრონქული ასთმით) დაავადებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის ტენდენციას მხოლოდ ზემოთ მოხსენიებული ფაქტორები ვერ ხსნის. ამიტომ, შემუშავდა ორი თეორია:

პირველი თეორიის მიხედვით, თანამედროვე სამყაროში ალერგიული დაავადებების რაოდენობის ზრდა სინთეზური ნივთიერებების სიჭარბის შედეგია. დღეს, განვითარებულ ქვეყნებში შიგა გარემო (საცხოვრებელი სახლები, სამუშაო გარემო) გაცილებით აგრესიულია, ვიდრე გარე; შენობების ჰერმეტიზაციამ შიგა გარემოს ორგანული და არაორგანული მტვრით გაჯერება გამოიწვია. ადამიანების უმეტესობას ძირითადად ასეთ გარემოში უხდება ყოფნა, ამიტომ ადვილი მისახვედრია, რამდენად ძლიერია ალერგენული ზეწოლა და რატომ იზრდება ამ დაავადების სიხშირე;

მეორე თეორია იმუნური სისტემის ჰიპერრეაქტიულობის განვითარების ჰიგიენური თეორიაა. მის მიხედვით, ალერგიული დაავადებები უმთავრესად მათი ხვედრია, ვინც ზედმეტად ჰიგიენურ პირობებში იზრდებოდა. იმუნური სისტემის დანიშნულებაა შეებრძოლოს ვირუსებს, ბაქტერიებს, პარაზიტებს და სხვა მიკრობებს. თანამედროვე სამყაროში ზედმეტად ჰიგიენური პირობების, ანტიბიოტიკების გამოყენების და სხვა მსგავსი ფაქტორების გამო ჩვენი იმუნური სისტემა მუდმივად განიცდის ანტიალერგიული მექანიზმების დეფიციტს. იმუნიტეტს აღარ უწევს ჭეშმარიტად მავნე ორგანიზმებთან გამკლავება, ამიტომ მისი ყურადღების და ენერგიის მიმართვა ორგანიზმის გარემომცველი ნივთიერებებისადმი ხდება. იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურდება სხვადასხვა უსაფრთხო და უვნებელი ნივთიერებების მიმართ, რაც თავის მხრივ, ალერგიული დაავადების განვითარებას განაპირობებს," - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, NCDC-ის ინფორმაციით, "აგრესიული გარემოს, მემკვიდრული წინასწარგანწყობის და ალერგიის ხელშემწყობი მრავალი სხვა ფაქტორის მიუხედავად, ალერგიის განვითარების პროფილაქტიკა გარკვეულწილად მაინცაა შესაძლებელი."

"6 თვემდე ასაკის ბავშვებში ძუძუთი ექსკლუზიური (მხოლოდ დედის რძით კვება) კვება ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და აქვეითებს ალერგიის განვითარების რისკს ზრდასრულ ასაკში. რაც შეეხება ალერგიულ პირებს – ალერგიის პროფილაქტიკის და მკურნალობის ერთ–ერთი ძირითადი საშუალება გამომწვევის ელიმინაცია, ანუ მასთან კონტაქტის აღკვეთაა," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები