26 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც პატიმრობა აქვს შეფარდებული, პირველი აღიარების შემდეგ დუმილის უფლებას იყენებს - ადვოკატი მას ორშაბათს შეხვდება

დუმილი აღიარების შემდეგ. პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში დადანაშაულებული ლაზარე გრიგორიადისი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ორი დღის წინ 7-9 მარტის შესახებ ყველაფერი მოყვა, "კურიერმა" კი მისი ჩვენება მოიპოვა.

ბრალდებული ადასტურებს, რომ აქციებზე პოლიციის წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენა, ქაშუეთთან კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა. საქმეში დევს ვიდეომტკიცებულებებიც, რომლის საფუძველზეც მას ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა ის, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, სააპელაციოში გასაჩივრდება.

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში დადანაშაულებული ლაზარე გრიგორიადისი დუმილის უფლებას იყენებს.

პატიმრობას, რომელიც 7-9 მარტის აქციების დროს, ძალადობრივი ქმედებების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს საქალაქო სასამართლომ შეუფარდა, მისი ადვოკატები 48 საათის ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

პროცედურისთვის საჭირო განჩინება, ბრალდებულის ინტერესების დამცველმა უკვე ჩაიბარა. ლიკა ბითაძე ლაზარე გრიგორიადისის პოზიციაზე არ საუბრობს, ამბობს მხოლოდ ერთს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატისთვის უცნობია დაკავებულის პირველი ჩვენების დეტალებიც, სადაც გრიგორიადისი ბრალს აღიარებდა. ბითაძე დაკავებულს ამ საკითხების განსახილველად ორშაბათს შეხვდება.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები საქმეში არსებულ ჩანაწერებზე იექსპერტიზის ჩატარებას თხოვენ. სწორედ ეს ვიდეომასალაა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ბრალდების მხარისთვის. საქმის პროკურორი, საქალაქო სასამართლოში გუშინ სხდომის დასრულების შემდეგ ამტკიცებდა, რომ არსებული მასალებითა და ექსპერტიზის დასკვნებით, გრიგორიადისის ყველა ბრალდება დასტურდება.

კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს, ლაზარე გრიგორიადისის პირველი ჩვენებაა, სადაც ის აღიარებდა, რომ 7-9 მარტის აქციებზე პოლიციის წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენა. უკვე ორი დღეა, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, ადვოკატები კი არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებულმა ჩვენება შეცვალოს.

ლაზარე გრიგორიადისის დაკავება და მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა, 2 დღეა აქტიური პოლიტიკური შეფასებების საკითხია. ბრალდებულს მხარდაჭერას ის პოლიტიკოსები უცხადებენ, რომლელთა პოლიტიკური გაერთიანების წევრობაზეც დაკავებულის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა. სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა გრიგორიადისის დაკავების მიღმა პოლიტიკურ კონტექსტს ხედავენ, შედარებით განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში".

პროცესებს აფასებენ მმართველ პარტიაშიც. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, მათი განმარტებით, კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფის მცდელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

ლაზარე გრიგორიადისს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ლაზარე გრიგორიადისი წარსულში 2-ჯერ ნასამართლევია. ერთ შემთხვევაში მას პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, კიდევ ერთი ბრალი კი მას ძალადობისთვის ჰქონდა წარდგენილი. კურიერის ინფორმაციით, საუბარია მამის მიმართ ძალადობაზე. შვილიშვილის ნასამართლეობას ბაბუა ადასტურებს, თუმცა დეტალებზე საუბარი არ სურს.

დღის ამბები