26 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
დადგება დღე, როცა მსოფლიო გაიგებს, რომ უკრაინისთვის სამართლიანობა აღდგა, იქნება ახალი ნიურნბერგი რაშისტების წინააღმდეგ - ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის სამართლიანობა აუცილებლად აღდგება. მისი თქმით, ყველა რუსმა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს ჩადენილისთვის. განცხადება ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში გააკეთა. 

"დღეს მთავარი სიტყვა სამართლიანობაა. სამართლიანობა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ყველა ჩვენი ხალხისთვის, ვინც დაკარგა ნათესავები, საყვარელი ადამიანები, დაკარგა ჯანმრთელობა, სახლი და ნორმალური ცხოვრება რუსული აგრესიის, ოკუპანტის ტერორის გამო. განსაკუთრებული ღონისძიებები გაიმართა ბუჩაში, ქალაქის განთავისუფლების წლისთავზე და კიევში. სამიტი და მოლაპარაკებები, მეორე გაერთიანებული კონფერენცია სამართლიანობისთვის. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დავაჩქაროთ პროცესები, უფრო ენერგიულად ვიმუშაოთ ტრიბუნალისთვის რუსული აგრესიის გამო. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერის გამო რუსი ომის დამნაშავეების დაპატიმრებისთვის, კანონიერი და სამართლიანი სასჯელისთვის, რომელიც ყველა რუსმა მკვლელმა და ჯალათმა უნდა მიიღოს. მიიღებენ კიდეც. ჩვენ ამას ვუზრუნველვყოფთ.

ჩვენ ვიპოვით ფორმატებს, ვიპოვით ამის საშუალებებს. ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას და ჩვენს ხალხს რუსული ტყვეობიდან. დადგება დღე, როცა მსოფლიო გაიგებს, რომ უკრაინისთვის სამართლიანობა აღდგა. იქნება ახალი ნიურნბერგი - რაშისტების წინააღმდეგ," - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.

კიევში ჩავიდა მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ, რომელმაც ომში მყოფი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა. 

"ჩვენ დღეს აქ ვართ, რათა მსოფლიოს შევახსენოთ რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილი სისასტიკე. ჩვენ აქ ვართ, რადგან მხარს ვუჭერთ ბუჩას დეკლარაციას, ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ავიღოთ ვალდებულება, რომ ყველა ეს სისასტიკე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იქნება გამოძიებული და დასჯილი," - ამბობს მაია სანდუ.

კიევში იმყოფებოდა ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი.

"ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ამიტომ ევროპის უსაფრთხოება შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს და დაუსჯელი არ დარჩება ის ვინც ამას არღვევს. უკრაინა იცავს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ.

დღის ამბები