კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იმყოფებოდა. კლინიკიდან გამოსულმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სამედიცინო ისტორია, რომელიც ადვოკატებმა გამოითხოვეს, რამდენიმე დღის წინ კლინიკიდან, საერთოდ არ არის საჭირო სტრასბურგის საჩივრისთვის.
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დოკუმენტები სჭირდება იმისათვის, რომ ექსპერტებს გადასცეს, რათა შემოწმდეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და გაარკვიოს, არის თუ არა დამატებითი კვლევების ჩატარება საჭირო.
ადვოკატის განცხადებით ირკვევა, რომ დოკუმენტი რომელიც ბოლო ორი დღე ურთიერთბრალდებების მთავარი თემა იყო, საჩივრის ნაწილად არ განიხილება და ის დაცვას საკუთარი დასკვნების გამოტანაში დაეხმარება.
ამ დრომდე უცნობია, როდის მიმართავს ექსპრეზიდენტის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ადვოკატი ამბობს რომ მიხეილ სააკაშვილის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.
"დაცვის სტრატეგია იცის მან, როდის, როგორ, რანაირად უნდა გაკეთდეს. პირველი საქმე არ არის, რომელიც მოგებული გვაქვს სტრასბურგში. თუ ამას ჩათვლის ბატონი სააკაშვილი საჭიროდ, იმ წამიდან ვიწყებთ მოქმედებას. თუ არ ჩათვლის საჭიროდ, მაშინ ეს მისი გადასაწყვეტია. სამედიცინო ისტორია მჭირდება იმისთვის, რომ ამის შე,დეგ შევიტანო პროკურატურაში საჩივარი და მოვითხოვო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ურთმელიძეზე და ა.შ. ეს არ არის სააკაშვილის მოთხოვნა, სააკაშვილმა მე როგორც ვიცი, არც იცის რა დარგის ექიმები არიან, ვინ არიან, როგორ არიან. რადგან ოჯახის მოწვევით არ არის, მისია აბსოლუტურად განსხვავებულია, სულ სხვა სამართლებრივ ჭრილში ხდება ამ საკითხის გადაწყვეტა. შესაბამისად, აქ ოჯახის წევრების განცხადებით მიმართვა აბსოლუტურად არარელევანტურია," - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძემ.
ავტორი: ანუკა ბუავა.