26 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
რა მდგომარეობაა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით - ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ქვეყნის პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს მართავენ

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა, შეხვედრები პარლამენტში დილიდან დაიწყეს. მაშინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, საუბრის მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხი იყო. როგორც ჩანს, დახურულ კარს მიღმა, კომიტეტის წევრები ამ პროცესში ოპოზიციის აქტიურობითაც დაინტერესდნენ, რადგან შეხვედრიდან გამოსული დეპუტატები, ძირითადად ბოიკოტის შეწყვეტის თემაზე საუბრობდნენ.

ოპოზიციის ნაწილმა ევროპელ სტუმრებთან ისიც თქვა, რომ ხელისუფლება ევროკომისიის მოთხოვნებს არ ასრულებს.

"ქართული ოცნების" შეფასებით, ოპოზიციის ნაწილს რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. მმართველი პარტიის წევრების თქმით, ევროპელი სტუმრები თავადაც დაინტერესდნენ, მონაწილეობს თუ არა ყველა საპარლამენტო პარტია სამუშაო პროცესში.

დეპოლარიზაცია, საარჩევნო გარემო და სასამართლო რეფორმა იყო უფრაქციო დეპუტატებსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების მთავარი თემა.

დღის ბოლოს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ქართულმა ოცნებამ ევროპელ ექსპერტებს კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა გააკეთა და კიდევ რის გაკეთებას აპირებს უმრავლესობა 12 პირობის შესასრულებლად.

ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვედრებთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება დღეს არ გაუკეთებიათ. საქართველოში ვიზიტის შემდეგ კომიტეტის წევრები ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დასკვნას მოამზადებენ.

დღის ამბები