26 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
მიკერძოებული, გაუგებარი და არარეალური - ასე აფასებს მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, ოპოზიცია კი პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს

”ნაციონალური მოძრაობის” სამდივნოს წევრის ადვოკატმა სარჩელით სამ უწყებას დღეს მიმართა. საკუთარი უფლებების დარღვევაში კეზერაშვილის ცოლის ძმა "პოსტივის" ჟურნალისტს, თავად ნათია ბერიძე კი დიმიტრი ჩიქოვანს ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყებები ორივე მხარის სარჩელს განიხილავს. ნათია ბერიძე მიიჩნევს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” სამდივნოს წევრმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

დიმიტრი ჩიქოვანს ჟურნალისტის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს თავად ”პოსტივიც" და ინტერესდება, თუ რატომ არ იცავენ პოლიტიკოსები ნათია ბერიძის უფლებებს. ტელეკომპანიას კითხვები აქვს საქართველოს პრეზიდენტთანაც, რომელმაც გუშინ ქალთა მიმართ ძალადობაზე გამართა საგანგებო ბრიფინგი

პრეზიდენტის მხრიდან შერჩევით მიდგომაზე საუბრობენ მმართველ გუნდშიც. მამუკა მდინარაძეს სალომე ზურაბიშვილის გულწრფელობის არ სჯერა, რადგან მიიჩნევს, რომ თუ პრეზიდენტს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები აღელვებს, მაშინ მის ჩამონათვალში ჟურნალისტებიც უნდა ყოფილიყვნენ.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, პრეზიდენტის ნარატივს სრულად იზიარებს და სალომე ზურაბიშვილს გუშინ გაკეთებულ განცხადებას უწონებს ოპოზიცია.

ოპოზიციის ნაწილის მსგავსად, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს პრეზიდენტიც. მმართველი ძალა კი თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილს მიკერძოებულობაში დებს ბრალს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას გაუგებარს და არარეალურს უწოდებს.

პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, სამოქალაქო აქტივისტ თათია სამხარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა. ინციდენტი 24 მარტის ღამეს დიმიტრი ჩიქოვანის სახლთან მოხდა, მაშინ, როდესაც დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის სახლში თათა სამხარაძე იმყოფებოდა, "პოსტივის" ჟურნალისტმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, როგორც თავად ამბობდა, მას ინფორმაცია ჰქონდა შესაძლო ძალადობაზე.

დღის ამბები