26 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
სადავო კანონპროექტს ისრაელში ასობით ათასი ადამიანი აპროტესტებს - მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ისრაელი ავტოკრატიული სახელმწიფო გახდება

ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო ტალღა უკვე 12 კვირაზე მეტია გრძელდება. სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ თელ-ავივისა და იერუსალიმის ქუჩებში 600 ათასზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა. სადავო კანონ-პროექტის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას განსაზღვრავს, თავად სასამართლო კი მთავრობის გადაწყვეტილებების გაუქმებას ვეღარ შეძლებს. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ისრაელი ავტოკრატიული სახელმწიფო გახდება.

დემონსტრანტებმა გადაკეტეს მთავარი მაგისტრალები,დაწვეს საბურავები. აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა

მასობრივ პროტესტთან ერთად გაფიცულია აეროპორტები, კლინიკები, კვების ობიექტები, სასწავლო პროცესი შეწყდა უნივერსიტეტებშიც. პროტესტის ნიშნად, 30-მდე მერმა შიმშილობა გამოაცხადა.

პოლიტიკური კრიზისი ისრაელში თავდაცვის მინისტრის გადაყენებამ გაამწვავა , რომელმაც პრემიერ ნეთანიაჰუს კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდა . მოგვიანებით ანალოგიური შინაარსის განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმაც გააკეთა.

ისრაელის პრემიერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული კორუფციის ბრალდებით.სწორედ ამიტომ ოპონენტები დარწმუნებულები არიან რომ ნეთანიაჰუს სასამართლოს თავისი ინტერესებისთვის გამოყენება სურს.

ისრაელში საყოველთაო გაფიცვის გამო მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, საელჩოები დაიხურა. შეჩერებულია საკონსულო მომსახურებაც.

დღის ამბები