26 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
განთავსდება თუ არა ბირთვული იარაღი ბელარუსში - ქვეყანაში დღეს წვრთნები გაიმართა, რომელიც დაანონსებული არ იყო, რა ჩანს გავრცელებულ ვიდეოში

ბელარუსმა მორიგი წვრთნები გამართა, რომლის შესახებაც დაანონსებული არ იყო - ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც სამხედრო სწავლებას ეხება, ჩანს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებული M2K უახლესი სარაკეტო გამშვებით არის აღჭურვილი.

ბელარუსის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომ ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას ბელარუსში განათავსებს - კიდევ უფრო გაძლიერდა.

ამ განცხადების შემდეგ, მინსკში ნებისმიერ მოქმედებას, დასავლეთი დააკვირდება. შეიარაღება, რომელიც ვიდეოში ჩანს, არის ადრე გამოყოფილი და მინსკს, სავარაუდოდ, დეკემბერსა და იანვარში მიაწოდეს.

რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, მის ბელარუსში განთავსებაზე, ჯერჯერობით, მინსკთან მხოლოდ შეთანხმებაა მიღწეული.

ექსპერტების აზრით, ყოველთვის, როდესაც დასავლური ქვეყნები უკრაინას ეხმარებიან, მოსკოვი ბირთვული იარაღის შესახებ რიტორიკას აძლიერებს. დღესაც, გაკეთდა უშიშროების საბჭოს მდივნის, პატრუშევის განცხადება იმის შესახებ, თითქოს რუსეთი ფლობდეს იმდენ იარაღს, რომლითაც შეუძლია ნებისმიერი მტრის, მათ შორის ამერიკის განადგურება. მოსკოვის ბოლო განცხადებებში საფრთხეს ხედავს უკრაინა და გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს. რისკები არსებობს, თუმცა ვაშინგტონი არ ფიქრობს, რომ პუტინი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს.

ბელორუსს, თუკი მის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული იარაღი განთავსდება, ევროკავშირი დამატებით სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა უკვე განაცხადა.

ლუკაშენკოს კიდევ ერთი პასუხისმგებლობა ელოდება. ეს, ამჯერად, არა ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, არამედ მის სისასტიკეს და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას უკავშირდება.

ეუთოს 38-მა წევრმა ქვეყანამ: შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, კანადამ და ევროპულმა სახელმწიფოებმა "მოსკოვის მექანიზმი" აამოქმედეს და ქმნიან ფაქტების მომძიებელ მისიას, რომელიც ბელარუსში ჩავა და ლუკაშენკოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს გამოიძიებს.

ვაშინგტონმა უკვე მოუწოდა ბელარუსის პრეზიდენტს, მისიის ექსპერტებთან ითანამშრომლოს. სახელმწიფო დეპარტამენტში თქვეს, რომ ამერიკა და მისი პარტნიორები გააგრძელებენ ძალისხმევას, ლუკაშენკოს რეჟიმი ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის პასუხისმგებელი იყოს.

დღის ამბები