ნოვრუზ ბაირამი ყოველ წელს, ერთს და იმავე დროს აღინიშნება, რომელიც 4 კვირის მანძილზე გრძელდება. ამ წესს და ტრადიციას საქართველოშიც ზედმიწევნით იცავენ. სოფელი ნახიდური ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. თითქმის ყველა ოჯახში მზადდება კერძები, რომლების გარეშეც ეს დღეები არ ჩაივლის. მაიგუბა იუსუბოვა დილიდან ეზოსა და სამზარეულოში ტრიალებს. მის მიერ მომზადებული კერძები მთელ სოფელში ცნობილია.
ნოვრუზ ბაირამზე ყოველთვის ხარშავენ ხორცს, ამ კერძს ბოზართმა ჰქვია, თუმცა ეს ფაქტობრივად იგივეა რაც ქართული ხაშლამა. ეს სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი კერძია. ასევე აუცილებელია ფლავიც, რომლის შესაკაზმადაც ბევრი რამის გამოყენება შეიძლება. ყველაზე გავრცელებულია ფლავი სხვადასხვა სახის ჩირით.
ცეცხლის დანთება და კოცონზე ხტომაც ნოვრუზ ბაირამის ტრადიციაა. ეს იგივეა რაც ჭიაკოკონა და ამით ძირითადად ბავშვები ერთობიან. ჩაიფიქრებენ სურვილს და ყველაფერ ცუდს ცეცხლს ატანენ.
ნოვრუზ ბაირამი ოთხი კვირის განმავლობაში გრძელდება და ყოველ კვირას თავისი დატვირთვაც აქვს. თითო კვირა თითო სტიქიას ეძღვნება. სხვადასხვა ფერის კვერცხებიც ამის სიმბოლოა.
ავტორი: გიორგი ქორქია.