ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი - თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი, თამარ კორძაია და ტარიელ ნაკაიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს, სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს ადგილები შეუცვალოს. დეპუტატები ამბობენ, ამ მოთხოვნის მიზეზი „ხალხის ძალის“ მხრიდან შეურაცხმყოფელი მიმართვებია.
„ბატონო შალვა, საქართველოს პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის ფლანგზე სხედან საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი პარლამენტის წევრები. აღნიშნული ჯგუფის მხრიდან 2023 წლის 21-22 მარტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ოპოზიციის მისამართით ისმის შეურაცხმყოფელი ხასიათის რეპლიკები და დღეს, 22 მარტს ეს ყოველივე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, კერძოდ, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძის მხრიდან. ბატონო შალვა, ვინაიდან „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი პარლამენტის წევრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არის მუდმივი დაპირისპირების კერა, გთხოვთ, მიიღეთ შესაბამისი ზომები და აღნიშნულ დეპუტატთა ჯგუფს შეუცვალეთ ადგილი სასესიო დარბაზში“, – ნათქვამია განცხადებაში.