26 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
დღეს, პარლამენტმა თავდაცვის კოდექსი პირველი მოსმენით განიხილა - საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტს ხვალ უყრიან კენჭს

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შემცირებული ვადები, გადამზადება ნატოს სტანდარტებით თავდაცვის უწყებაში, სტუდენტებისა და დასაქმებულებისთვის მორგებული პირობები - საკანონმდებლო ორგანო ”თავდაცვის კოდექსს” განიხილავს.

როგორც მინისტრის მოადგილემ პარლამენტში პროექტის წარდგენისას განაცხადა, არსებული სავალდებულო სამხედრო სამსახური იცვლება და ქვეყნის თავდაცვის მიზნებზე ორიენტირებული ხდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ კანონპროექტს არ ეთანხმება გირჩი რომელმაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ალტერნატიული ვარიანტიც წარადგინა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით დღეს პლენარულ სხდომაზე მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ შეტანილი პროექტის განხილვა დაიწყო.

გირჩმა კი საკუთარ მხარდამჭერებს სოციალური ქსელით მ,მოუწოდა და საპროტესტო აქცია დააანონსა და მოქალაქეებს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდა. აქცია თავდაცვის კოდექსის განხილვის პარალელურად გაიმართა. გირჩის წევრების მიერ წამოწყებულ ამ კამპანიას თავდაცვის მინისტრი ბრიუსელიდან გამოეხმაურა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ჯარისკაცი გმირია, ყველა ქართველი სამხედრო კი პატრიოტი და ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ მათი შეურაცხყოფისგან.

კონკრეტულად რას არეგულირებს ახალი კოდექსი და როგორ უმჯობესდება ჯარისკაცების პირობები - სწორედ ეს იყო ძირითადი საკითხები, რითაც დეპუტატები პროექტის განხილვის დროს დაინტერესდნენ. თავდაცვის კოდექსმა კრიტიკა ისევ გირჩის წევრებისგან დაიმსახურა.

დეპუტატებს შორის იყვნენ ისინიც, ვინც პროექტს მხარს კითხვების გარეშე უჭერენ. დღის ბოლოს თავდაცვის კოდექსის შესახებ განმარტება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემაც გააკეთა.

თავდაცვის კოდექსი პირველი მოსმენით პარლამენტმა დღეს განიხილა. პროექტს კენჭს საკანონმდებლო ორგანოში ხვალ უყრიან.

დღის ამბები