26 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
გიორგი ჩალაძის თქმით, გავავრცელე "მოკლეფეხებიანი ტყუილი," საინტერესოა, ბატონმა დეზინფორმატორმა ჭორაობაზე დაფუძნებული ტყუილები შეგნებულად თქვა, თუ შემოეტყუილა - რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებას პასუხობს.

როგორც ბრეგაძე წერს, მრავალი მოწოდების მიუხედავად, პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების მიერ არ წყდება პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირება და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება.

"გუშინ ბატონი გიორგი ჩალაძე გამობრძანდა და თქვა, რომ მე გავავრცელე "მოკლეფეხებიანი, ერთსაათიანი ტყუილი" და თითქოს სამინისტროსგან მისთვის გაგზავნილი წერილიც კი მამხელდა სიცრუეში.

სინამდვილეში კი საქმის არსი შემდეგია:

გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ვთქვი, რომ 13:00 საათის მდგომარეობით იუსტიციის სამინისტროში არც უშუალოდ მსჯავრდებულის და არც მისი ოჯახის წევრების მხრიდან იყო შემოსული განცხადება მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე ბატონმა საშუალო სტატისტიკურმა მიუნჰაუზენმა ცილისმწამებლური განცხადებით დამაბრალა ტყუილის გავრცელება. “მტკიცებულებად” ხელთ ეპყრა ელექტრონული ფოსტის ამონაბეჭდი, რაც მხოლოდ მისივე სიცრუის დამადასტურებული საბუთი აღმოჩნდა. სწორედ ამ ქაღალდზე ნათლად ჩანს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ქალბატონ თამარ ავალიანს 14:31-ზე დაუბრუნა პასუხი იმის თაობაზე, რომ ქალბატონი გიული ალასანიას განცხადება მიღებულია და მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი ( იხილეთ ფოტო N 1). ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ქალბატონი გიულის წერილი, ქალბატონი თამარ ავალიანის მეილის მეშვეობით, სამინისტროში შემოვიდა 13:14 წუთზე (იხილეთ ფოტო N 2).

შესაბამისად, ჩემი ნათქვამი არის სიმართლე, ხოლო ბატონი არამკითხე მოამბისა კი – დადასტურებული ტყუილი.

ბატონი ტყუილის გამავრცელებელი ასევე ამბობს, რომ თითქოს სააკაშვილთან უცხოელი ექიმების შეშვებას დავთანხმდით დემარშის შედეგად, რაც ასევე არის ტყუილი.

მსჯავრდებულ სააკაშვილს, საქართველოში მკურნალობაში ჩართვის მიზნით, ნებისმიერი უცხოელი ექიმის ჩამოყვანა ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან შევთავაზეთ ჯერ კიდევ გასული წლის 29 ნოემბერს და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც უხვად მოიძებნება ინტერნეტში.

საინტერესოა, ბატონმა დეზინფორმატორმა ასეთი, მხოლოდ ჭორაობაზე დაფუძნებული, ტყუილები შეგნებულად თქვა თუ, უბრალოდ, შემოეტყუილა.

დეზინფორმატორთა გილდიის ახალწვეულმა რაინდმა ასევე ბრძანა, რომ ფურცლებით ხმალაობა არ გვინდა და საქმეს მივხედოთო. თვითაღიარებულ დ’არტანიანთან ნამდვილად არავინ აპირებს არც ხმალაობას და, მით უმეტეს, არც ომს. პირიქით, მოვუწოდებთ სიმშვიდისა და სიმართლისკენ.

აღნიშნულ საქმეზე საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით კი ვიტყვი, რომ პატიმრის ოჯახის წევრს უკვე გაეცა პასუხი და ასევე შედგა ზეპირი კომუნიკაცია წარმოდგენილ განცხადებაში არსებული გამოსასწორებელი ხარვეზების შესახებ ინფორმირების მიზნით.

სხვა პირებს კი მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გავრცელების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“, – წერს რატი ბრეგაძე.

No description available.

 

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა გუშინ, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა: „არც სააკაშვილის, არც ოჯახის მხრიდან არ შემოსულა განცხადება მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის შესახებ, სამინისტრო არ იქნება წინააღმდეგი, თუ წარმოადგენენ სასურველ უცხოელ ექიმთა სიას."

მოგვიანებით ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა გიორგი ჩალაძე და განაცხადა, რომ უცხოელი ექიმების ჩამოსვლის ინიციატორი არ არის პრეზიდენტის ოჯახი, მისი გათავისუფლების შტაბი ან სხვა ორგანიზაცია, ამიტომ ოჯახის მიერ მიმართვა საჭირო არ იყო. მისივე თქმით, "ინფორმაცია, რაც იუსტიციის მინისტრმა გააჟღერა, არის მოკლეფეხებიანი, ერთსაათიანი ტყუილი, რომელიც მტკიცდება მისივე უწყებისგან მიღებული დასკვნით, რომ განცხადება რეგისტრირებული არის იუსტიციის სამინისტროში."

დღის ამბები