26 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
რა ღირს ბენზინი და დიზელი - ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასები თითქმის 1.5 ლარით შემცირდა

ბენზინი და დიზელი ისევ იაფდება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასები თითქმის 1.5 ლარით არის შემცირებული. მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის ეროვნული ვალუტის გამყარება, საერთაშორისო ნავთობ ბაზარზე ფასების კლება და ნავთობ იმპორტიორებთან მთავრობის აქტიური კომუნიკაცია.

ბენზინსა და დიზელზე ფასების კლების მიუხედავად, კონკურენციის სააგენტო იმ კომპანიებთან, რომლებიც ნავთობპროდუქტების იმპორტს ეწევიან, მოლაპარაკებებს კვლავ აგრძელებს, პარალელურად კი მიმდინარეობს იმ პერიოდის ფასების შესწავლა, როდესაც საწვავის ღირებულება პიკურ მაჩვენებელზე იყო ასული.

საწვავის ფასი, რომელზეც მძღოლები საუბრობენ, თებერვალში 30-დან 50 თეთრამდე გაიაფდა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო თვეებში ბენზინის ღირებულების კლება, ყველა ტიპის საწვავზე შეინიშნება. ავტომობილების მფლობელები "კურიერთან" ამბობენ, რომ ფასები დარეგულირებულია, თუმცა შემცირების ტემპის შენარჩუნება აუცილებელია.

ბაზარზე არსებული პიკური პერიოდიდან ამ დრომდე, საწვავის ფასი თითქმის 1.5 ლარით შემცირდა. განცხადება გლობალურ სავაჭრო ჯგუფში გააკეთეს. კომპანიის გენერალური დირექტორი ღირებულების კლების მიზეზებსაც განმარტავს.

საწვავზე ფასის შემცირების პარალელურად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია გრძელდება. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ კომპანიებთან შეხვედრები ნაყოფიერია და კონკრეტული შედეგებიც სახეზეა.

საავტომობილო საწვავის ბაზარზე, მოკვლევას განაგრძობს კონკურენციის სააგენტო. შესწავლა იმ პერიოდს მოიცავს, როდესაც ბენზინის ფასი კრიტიკულად მაღალი იყო. ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ თუ დღეს არსებული მოცემულობა შენარჩუნდება, ფასები მომდევნო თვეებშიც კორექტირდება.

კვლევის შედეგებს კონკურენციის სააგენტო, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში გაასაჯაროებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე ფასების გადახედვის სივრცე ისევ არსებობს.

დღის ამბები