26 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით - ჯეიმს კლევერლი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ აღნიშნა, რომ მიესალმებიან საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ისე უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო. 

განცხადება ჯეიმს კლევერლიმ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"რუსეთის შეჭრამ 2008 წელს საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ყოფნამ ძალიან ღრმა ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, გაყო ქვეყანა, გაყო ოჯახები, შეზღუდა წინაპრების მიწაზე და წმინდა რელიგიურ ადგილებზე წვდომა. ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჯეიმს კლევერლი საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებულ საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ "ისევე, როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად".

"ეს უფლება დაცული უნდა იყოს. ამიტომაც, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გულთბილი დახვედრისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორია გაერთიანებული სამეფოსთვის.

"ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი თბილი მიღება გამიმართეთ საქართველოში. ბოლო დროს მქონდა შესაძლებლობა მემასპინძლა თქვენთვის ლონდონში, მაგრამ ეს იყო პირველი შესაძლებლობა, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი. ძალიან თბილად მიმიღეს თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორი გაერთიანებული სამეფოსთვის. ჩვენი ქვეყნები ძალიან მყარ ურთიერთობაზე დგანან ბოლო 30 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინეთ. ხანგრძლივი პერიოდი გავიარეთ ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით და მაქსიმალური სარგებელი მივიღეთ ჩვენი ისტორიული კავშირებიდან. მახსოვს იმ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი, მახსოვს მისი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში, 4 წლის შემდეგ მოხდა საბჭოთა კავშირის ნგრევა. თქვენი სურვილი და მისწრაფება თავისუფლებისა და მისწრაფება თვითგამორკვევისთვის იმ დროსაც ნათელი იყო და ახლა კიდევ უფრო ძლიერი გახლავთ", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

დღის ამბები