26 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
რთულია ამ ვითარებაში "ქართულ ოცნებასთან" მუშაობა, თუმცა ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ, პასუხისმგებლობა კი უმთავრესად არის "ოცნების" მხარეს - თეონა აქუბარდია

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე, ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების განცხადებას, პოლიტიკური პარტიები აფასებენ.

ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაში გადამწყვეტი ხელისუფლების ქმედებებია, ასეთია ოპოზიციის დამოკიდებულება. 

ამასთან, "რეფორმების ჯგუფის" წევრი აცხადებს, რომ ახლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად გადადოს თავისი პარტიული ინტერესი და გააკეთოს ქვეყნის საქმე.

"კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ რეკომენდაციების შესრულების გარეშე კანდიდატის სტატუსი არ იქნება, ამიტომ ამ მიმართებით კიდევ ერთხელ ჯობია, რომ ყველამ ერთად გადადოს თავისი პარტიული ინტერესი და გააკეთოს ქვეყნის საქმე. ძალიან რთულია დამერწმუნებით ამ ვითარებაში "ქართულ ოცნებასთან" მუშაობა, თუმცა ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. ცალსახად პასუხისმგებლობა უმთავრესი არის "ქართული ოცნების" მხარეს, მაგრამ ოპოზიციის როლი აქ არის ის, რომ მიიღოს მონაწილეობა როგორც პროცესებში, ასევე მიიტანოს ინფორმაცია მოსახლეობამდე," - განაცხადა  თეონა აქუბარდიამ.

ხელისუფლებასთან ერთობილი მუშაობა რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, კოლეგა ოპოზიციონერის მსგავსად ამ აზრს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარეც იზიარებს, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მანამ, სანამ საზოგადოებას აქციისკენ მოუწოდებენ, ჯერ პოლიტიკოსოებმა უნდა დაანახონ მათ, თუ როგორ მუშაობენ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.  

"12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებასთან გვიწევს ერთობლივი მუშაობა ამ 12 პუნქტზე, რაც არ უნდა რთული იყოს ხელისუფლების და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც უნდა შესრულდეს თუ გვინდა ევროპული სტატუსის მიღება.

როგორც მოვისმინე, "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს აქციებზე მოიწვიოს და დაუძახოს ადამიანებს სწორედ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. მე კი მათ ვეტყვი, რომ სანამ ჩვენ ადამიანებს მოვიწვევთ აქციებზე და ვთხოვთ მათ დახმარებას და გვერდში დგომას, თავად უნდა ვაჩვენოთ ჩვენ - პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა მაგალითი თუ როგორ ვმუშაობთ 12 პუნქტზე მიუხედავად სირთულეებისა "ქართულ ოცნებასთან" ერთად," - განაცხადა "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები