26 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შენიშვნები - დეოლიგარქიზაციისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებზე პარლამენტი ეუთო/ოდირის დასკვნებს მომდევნო კვირაში ელოდება

დღეს ქართველ პოლიტიკოსებს იმ შენიშვნებისა და რეკომენდაციების კომენტირებაც მოუწიათ, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოაგზავნა. დეოლიგარქიზაცია და საერთო სასამართლოები-ორივე კანონპროექტზე გავლენიან საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს საკუთარი მოსაზრებები აქვს. ვენეციის კომისია არ უარყოფს, რომ ოლიგარქების შესახებ კანონი უკრაინულის ანალოგია, თუმცა უკვე შენიშვნების სხვა პუნქტში საუბრობს იმ რისკებზე, რომელიც შესაძლოა მისი არსებული სახით მიღებას მოჰყვეს. კომისია შიშობს, რომ საქართველოში შემუშავებული კანონპროექტი მთავრობას ოლიგარქებზე ზედმეტ გავლენას მიანიჭებს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს დაარღვევს.

შენიშვნების მეორე ნაწილი ქართულ მართლმსაჯულებას ეხება, რომელიც არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი. მოსამართლეების დამოუკიდებლობა, მათი დანიშვნა-განთავისუფლების პროცესის გამჭვირვალობა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების აღმოფხვრა- ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ შენიშვნებისა, რომელიც ვენეციის კომისიამ თბილისში გამოგზავნა.

საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების რომ კარგად წაიკითხონ, ამისთვის "ლელოს" წარმომადგენელმა, დოკუმენტში პარლამენტის სპიკერს ყველა კრიტიკული პუნქტი მარკერით გაუხაზა და სამდივნოში დაუტოვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე და იმ მექანიზმზე საუბრობს, რომლის გამოყენებით პროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აისახება. შენიშვნებს, როგორც ანრი ოხანაშვილი განმარტავს, ელოდნენ რადგან კანონპროექტი უკრაინული მოდელის პირდაპირი თარგმანია და მისი მორგება ქართულ კანონმდებლობასთან გარკვეულ ჩარევებს საჭიროებს.

ის რომ ქართული ვერსია უკრაინულის ანალოგია, ეს ფაქტი ვენეციის კომისიამ დაადასტურა. ევროპელი სამართლის სპეციალისტები ასევე ადასტურებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე სპეციალური კანონის მიღება შესაძლებელია, თუმცა დასკვნაში საუბარია რისკებზეც. მაგალითად ნათქვამია, რომ კანონპროექტმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და ისიც აღნიშნულია, რომ არსებული ვერსია მთავრობას პროცესზე ზედმეტ გავლენას ანიჭებს. კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კი დასკვნის მიხედვით, კიდევ უფრო მაღალია, საჯარო განცხადებების ფონზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიღების შემდეგ ის ოპოზიციაზეც გავრცელდება.

გაწვევის მოთხოვნის ნაცვლად, მმართველი პარტია ოპონენტებს კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ახლა როგორც "ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, კიდევ ერთხელ ცხადი გახდება, რამდენად რეალურად სურს ოპოზიციას 12 პუნქტის განხორციელება.

ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის გასაუმჯობესებლადაც შეიმუშავა და თქვა, რომ ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების აღმოფხვრა. საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ , რომ მმართველი პარტია რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს. ამიტომ ლელოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა, დასკვნაში კონკრეტული პუნქტები მარკერით მონიშნა და შენიშვნების უკეთ შესასწავლად დოკუმენტი შალვა პაპუაშვილს დაუტოვა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ "საერთო სასამართლოებთან" დაკავშირებით ვენეციის კომისიას არსებითი შენიშვნა არ აქვს. სასამართლოში კორპორატივიზმთან დაკავშირებით კი კომისია ამბობს, რომ ეს ფაქტი მას მხოლოდ სმენია. ოპოზიციის კვალი ამ სცენარში ქართული ოცნების წევრების განმარტებით დიდია. ნებისმიერ შემთხვევაში სახელისუფლებო გუნდი რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინებას გეგმავს.

დეოლიგარქიზაციისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებზე, საკანონმდებლო ორგანო დასკვნებს მომდევნო კვირაში ელოდება. რის შემდეგაც პარლამენტი ორივე პროექტებზე მსჯელობას განაახლებს.

დღის ამბები