ფლორიდის გუბერნატორის, რესპუბლიკელი რონ დესანტისის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ დავაში კიდევ უფრო ჩართვა აშშ-ის სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებში არ შედის. გუბერნატორი, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად და დონალდ ტრამპის მთავარ მეტოქედ მოიაზრება, ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა მრავალი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები აქვს.
"მაშინ, როდესაც აშშ-ს აქვს მრავალი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესი – ჩვენი საზღვრების დაცვა, ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის კრიზისის გადალახვა, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიღწევა, ასევე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო ძალის გამოწვევა – უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ დავაში კიდევ უფრო ჩართვა არ არის ერთ-ერთი მათგანი," - აცხადებს დესანტისი.
მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ამ კონფლიქტის დაფინანსებას "რამდენ ხანსაც საჭირო იქნება", ყოველგვარი განსაზღვრული მიზნებისა ან ანგარიშვალდებულების გარეშე, "გადააქვს ყურადღება აშშ-ის ყველაზე მწვავე გამოწვევებიდან".
რაც შეეხება ყოფილ რესპუბლიკელ პრეზიდენტს, შეკითხვაზე, უნდა დაუჭიროს თუ არა აშშ-მა მხარი რეჟიმის ცვლილებას რუსეთში, დონალდ ტრამპმა უპასუხა: "არა, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი რეჟიმის ცვლილებას აშშ-ში, ეს უფრო მნიშვნელოვანია. ბაიდენის ადმინისტრაცია სწორედ ის არის, ვინც ამ არეულობაში ჩაგვაგდო".