26 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
იმ ინტერვიუთი, რომელიც საპროტესტო ტალღის აწევის პერიოდში გააკეთა მერაბიშვილმა, გაშიფრა ის გეგმა, რომლის გამოყენებაც უნდოდათ - ირაკლი ქადაგიშვილი

ვანო მერაბიშვილი თბილისში მეიდანის სცენარს არ გამორიცხავს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის "იუთუბ" არხზე განაცხადა. ამ ინტერვიუს უკვე მოჰყვა შეფასებები. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ვერავინ შეძლებს, მშვიდობიანი ახალგაზრდების ბრძოლა სხვა მიმართულებით გადაიყვანოს:

"ნახეთ, რომ ეს დემონსტრაციები იყო ერთადერთი მოთხოვნით - არა რუსულ კანონს. დემონსტრანტები, ყველა ერთად ვცდილობდით, რომ მიგვეღწია სასურველ შედეგს, ევროკავშირის წევრები რომ ვიყოთ და არ ვიყოთ რუსეთის გუბერნია. ვერავინ ვერ შეძლებს, რომ მშვიდობიანი ახალგაზრდების ბრძოლა, სხვა მიმართულებით გადაიყვანოს,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.

მერაბიშვილის ინტერვიუს მმართველ გუნდშიც აფასებენ. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ პროტესტი გამოყენებულია პროვოკაციისთვის და მერაბიშვილის ინტერვიუ ამის აღიარებითი ჩვენებაა. მათივე თქმით, ჩანდა, რომ გარკვეული ჯგუფი იყო პოლიტიკოსების მხრიდან მართული, რომელიც ცდილობდა აქცია გამოეყენებინა რადიკალური მოქმედებებისთვის. მათი მიზანი პროცესების გამწვავება და მძიმე სცენარის მიღება იყო.

"იმ ინტერვიუთი, რომელიც საპროტესტო ტალღის აწევის პერიოდში გააკეთა მერაბიშვილმა, გაშიფრა ის გეგმა, რომლის გამოყენებაც უნდოდათ. იყო გარკვეული ნაწილი აქციის მონაწილეებისა, მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდანაც მართული, რომლებიც ცდილობდნენ ეს აქცია გამოეყენებინათ სწორედ რადიკალური მოქმედებებისა და პარლამენტზე თავდასხმისათვის. ეს იმისთვის რათა, ის სცენარი, რასაც მაედანის სცენარი ჰქვია საქართველოში გაეთამაშებინათ. არ მოერიდებოდნენ ყველა ტიპის პროვოკაციას, რომ ამ მიზნისთვის მიეღწიათ. მერაბიშვილის ეს ინტერვიუ ზუსტად ადასტურებს, რომ მათი მიზანი იყო სწორედ ეს. იმიტომაც მივიღეთ ჩვენ უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება, რომ მერაბიშვილისა და მისნაირებისთვის არ მიგვეცა ახალგაზრდების გამოყენება პროვოკაციისა და ე.წ. მაიდანისათვის,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები