26 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ეს კანონი  გიგა მაქარაშვილების ანუ სისხლის სამართლის დამნაშავეების დაფინანსების პრევენციას ემსახურება და არა სოცმუშაკების და ფსიქოლოგების პრევენციას - ირაკლი კობახიძე

ეს კანონი არა სოცმუშაკების და ფსიქოლოგების პრევენციას, არამედ გიგა მაქარაშვილების, ანუ სისხლის სამართლის დამნაშავეების დაფინანსების პრევენციას ემსახურება - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმ ვიდეო ჩანაწერს, სადაც პარლამენტში შეჭრის გეგმა ყალიბდებოდა და სადაც გიგა მაქარაშვილი, აკია ბარბაქაძე და გედი ფოფხაძე ფიგურირებენ.

"ის, რომ ეს სამი ადამიანი არის ძალადობრივი აქციის ლიდერი, ყველაფერზე მეტყველებს. მეორე მინდა გავიხსენო, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. გედი ფოფხაძეზე ლაპარაკი არ ღირს, ის იყო ჩვეულებრივი, ე.წ. ნასედკა, ჯერ "თავისუფალ დემოკრატებში" შეგზავნილი "ნაცმოძრაობის" მიერ, მერე "ქართულ ოცნებაში" ჩანერგილი, შემდეგ როგორ გააგრძელა მან თავისი ვაჟკაცური კარიერია, ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება აკია ბარბაქაძეს, ის იყო კიტოვანის ცნობილი მეზარბაზნე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თბილისში რუსულ ტანკებზე და ასეთ პროცესებზე, ზუსტად კარგად შეუძლია საზოგადოების პარალელების გავლება. აკია ბარბაქაძე - კიტოვანის მეზარბაზნე, მერე "ობიექტივში" იჯდა 10 წელი, მოკლედ ყველანაირად ჯაშუშად შეიძლება მოინათლოს ეს კაცი. მესამე კი, ეს არის განსაკუთრებით საინტერესო, ეს არის გიგა მაქარაშვილი, "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და ეს ფაქტი აჩვენებს, მის მიერ ამ ძალადობრივი აქციის ლიდერობა და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რისი ფაქტიც არის წარმოდგენილი, ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული. გიგა მაქარაშვილი ჯერ იყო მინდია გულუას პრეს-სპიკერი, ანუ ჯაშუშობაში იქ აიდგა პირველად ფეხი და ამის შემდეგ დააფუძნა მოძრაობა "სირცხვილია" "ნაცმოძრაობის" სხვა აქტივისტებთან ერთად და "სირცხვილია" გარდა კეზერაშვილისა, დამატებით დაფინანსებას იღებს 4-5 სხვადასხვა უცხოური წყაროდან, ამიტომ, არის ზუსტად საჭირო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება, რომ ასეთი ტიპის პოლარიზაცია, სისხლის სამართლის დანაშაული, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა აღარასდროს აღარავინ ჩაიფიქროს და ეს არ დაფინანსდეს სხვადასხვა წყაროდან. სწორედ გიგა მაქარაშვილების დაფინანსების პრევენციას ემსახურება ეს კანონი. ეს კანონი არა სოცმუშაკების და ფსიქოლოგების პრევენციას, არამედ გიგა მაქარაშვილების, ანუ სისხლის სამართლის დამნაშავეების დაფინანსების პრევენციას ემსახურება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

დღის ამბები