26 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"ხალხის ძალის" წევრები, მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტების საჭიროებას ეროვნული ინტერესებით ხსნიან - სიტყვიერი შელაპარაკება ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს შორის თითქმის მთელი სხდომის განმავლობაში გაგრძელდა

ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მაინც ჩატარდა - დაახლოებით ორსაათიანი დაგვიანების შემდეგ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დასაწყისში "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი შეეცადა აეხსნა, რატომ გადაწყვიტეს საკანონმდებლო ორგანოში უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტის დაინიცირება. გურამ მაჭარაშვილმა ხმაურისა და შეძახილების ფონზე თქვა, რომ კანონპროექტის მთავარი არსი გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა.

სიტყვიერი დაპირისპირება ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში პირველივე კითხვის დასმის შემდეგ დაიწყო. თეონა აქუბარდიამ კანონპროექტის ავტორები და მმართველი გუნდის წევრები რუსული ნარატივის გატარებაში დაადანაშაულა. მას დარბაზშივე უპასუხეს კითხვის ადრესატებმა.

სიტყვიერი შელაპარაკება ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს შორის კომიტეტზე თითქმის მთელი სხდომის მიმდინარეობისას გაგრძელდა.

დისკუსიის საქმიან ჩარჩოში დაბრუნებას ეცადა მოძრაობა ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი, რომელმაც 2016 წელს ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ჩატარებული კვლევა გაიხსენა რომლის ერთ-ერთი ავტორი ლაშა ტუღუშია და ის დარბაზშიც იმყოფებოდა. სოზარ სუბარმა თქვა, რომ კვლევის, ერთ ერთი პუნქტი იმ ერთიანი რეესტრის შექმნას ითვალისწინებდა, სადაც წარმოდგენილი იქნებოდნენ საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო იურიდიული პირები. სუბარის თქმით, ამას 2016 წელს ქართული არასამთავრობო სექტორი თავად ევროკავშირის დაფინანსებით ითხოვდა.

იგივე კვლევა ახსენა მოძრაობა ხალხის ძალის კიდევ ერთმა წევრმა ეკა სეფაშვილმა, მის განცხადებასაც ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია

საკომიტეტო დარბაზში კანონის განსახილველად განკუთვნილი დრო, დაძაბული ფონის გამო, ძირითადად ოპონენტებს შორის ურთიერთბრალდებებში და სიტყვიერ კამათში გავიდა.

ვექტორები პარლამენტში ორად იყო გაყოფილი, ერთ მხარეს კანონპროექტის ავტორები და მმართველი გუნდის წევრები აღმოჩნდნენ, მეორე მხარეს კი ოპოზიციონერი დეპუტატები.

მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღების საჭიროებას, ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხსნიდნენ.

მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული - "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტები, პირველი მოსმენის შემდეგ ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

 

დღის ამბები