ბადრი ესებუას საქმის განხილვა გრძელდება - სხდომას ბრალდებულიც ესწრება. დღეს ცნობილი გახდა, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულმა საკუთარი ადვოკატის აცილება მოითხოვა. მან მოსამართლეს განცხადებით მიმართა, რომ არ სურს მისი ინტერესები ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას.
თავად ალექსანდრე კობაიძის თქმით, ბადრი ესებუაზე ზეწოლა მიმდინარეობს.
"როგორც ვვარაუდობდი, დადასტურდა პროცესზე, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა. დღეს დადასტურდა, რომ მას ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უნდა აეცილებინა. ეს არის არნახული ზეწოლა, რომელიც ამ შემთხვევაში ხორციელდება მასზე," - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა.
მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.