მინდა, გამოვეხმაურო იმ შემზარავ შემთხვევას, რაც ვაზისუბანში 14 იანვარს მოხდა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს. ამხანაგობა ვალდებულია, ლიფტის უსაფრთხოების მიზნით განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის განცხადებით, ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია კორპუსის ამხანაგობა, თუმცა მათ ფინანსურ დახმარებას უწევენ შესაბამისი გამგეობებიც.
"მინდა, განმარტებები გავაკეთო, რადგან იყო მცდელობა, იყვნენ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ სიცრუის გავრცელებას. საუბარი იყო მერიის, ჩვენი სამსახურების დადანაშაულებაზე. შეიძლება, ბევრმა არ იცის რეალობა, ბევრი შეიძლება, მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან კარგად ვიცით, სამწუხაროდ, როდესაც ტრაგედია ხდება, არის სპეკულაციები და პოლიტიკით გაჯერება კონკრეტული სამწუხარო შემთხვევების. რაც შეეხება ლიფტების უსაფრთხოებას და მასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, რაც ბუნებრივია, ბევრს გაუჩნდა. მოსახლეობას მინდა, შევახსენო და მივაწოდო ინფორმაცია, რა წესია დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით და რა არის საჭირო, რომ საცხოვრებელ კორპუსებში უზრუნველყოფილი იყოს ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაცია. არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ, კერძოდ, ამხანაგობა ვალდებულია, ლიფტის უსაფრთხოების მიზნით განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ობიექტების რეესტრში. ექსპერტიზა თუ გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს," – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია, შესაბამისი გამგეობები უზრუნველყოფენ, რომ გარკვეული ფინანსური დახმარება გაუწიონ ამხანაგობას მიმართვის შემთხვევაში.
"მეგობრებო, სადარბაზოები და ლიფტები არის თქვენი საკუთრება. ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტი არის თქვენი საკუთრება და თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია, განახლება. თუმცა, ჩვენ გვესმის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ჯერ კიდევ არსებობს ამ მიმართულებით პრობლემები, არის გაჭირვება, ამიტომ ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი პროგრამა, რომ დედაქალაქის მოსახლეობას შევუწყოთ ხელი. ეს შეიძლება, იყოს სხვადასხვა სოციალური, ჯანდაცვის პროგრამა, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიმართულებით გვაქვს გარკვეული პროგრამები, რომლებიც გამოხატავს თანადგომას, რომ თქვენს საცხოვრებელ კორპუსებში ჩვენი თანადგომით და მხარდაჭერით, თანადაფინანსებით განხორციელდეს სხვადასხვა პროექტი. პრიორიტეტებს განსაზღვრავთ თქვენ, ამხანაგობის თავმჯდომარის უშუალო ჩართულობით. თბილისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 40 მილიონამდე ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსებების პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც, გამგეობები სხვადასხვა საჭიროებას აფინანსებენ. ამხანაგობას როდესაც სჭირდება მაგალითად ლიფტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური მხარდაჭერა, გამგეობა შესაბამისი თანმიმდევრობით ფინანსურ დახმარებას უწევს ამხანაგობას, რათა მოხდეს ლიფტის განახლება.
შესაბამისი რეგლამენტის მიხედვით, ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე, ანუ ამხანაგობა. მუნიციპალიტეტის როლი ამ შემთხვევაში გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც ჩვენივე პროგრამით არის დადგენილი. თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა, ჩატარდეს ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა, გამოვლინდეს, აქვს თუ არა ლიფტს რაიმე ხარვეზი, თუ ლიფტს სჭირდება შეკეთება, უნდა მიმართოთ გამგეობას, რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას. ეს გაგრძელდება წელსაც და შემდეგშიც. ჩვენ მზად ვართ, აღნიშნული პროგრამით ხელი შევუწყოთ იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რასაც კორპუსებში მცხოვრები ადამიანები განსაზღვრავთ პრიორიტეტებით. მინდა, ასევე ვთხოვო ჩემს მოადგილეს, კახა გულდენს, უზრუნველყოს, რომ შესაბამისი ინფორმაცია განთავსდეს ოფიციალურ ვებგვერდზე და უფრო ხელმისაწვდომი იყოს დაინტერესებული პირებისთვის," – განაცხადა კალაძემ.