შრომითი მედიაცია "IDS ბორჯომი საქართველოს" მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის, შეთანხმებით დასრულდა. წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას განაგრძობენ და "IDS ბორჯომი საქართველო" სრულფასოვნად ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში აღადგენს.
საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკების პროცესში პირადად ჩაერთო მისი წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.
როგორც პრემიერმა განაცხადა, "IDS ბორჯომი საქართველოში" დასაქმებული თითოეული თანამშრომლის უფლების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება. სამედიაციო შეთანხმებას მხარეებმა ხელი ბორჯომში მოაწერეს. შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე - ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.