ერთ დღეში, პარლამენტი მთავრობას დაამტკიცებს. ამ წუთებში გაერთიანებული კომიტეტების ორი სხვადასხვა სხდომა მიმდინარეობს, ერთზე უსმენენ ფინანსთა, მეორეზე კი კულტურის მინისტრობის კანდიდატებს.
თინათინ რუხაძე და ლაშა ხუციშვილი კანონმდებლებს პროგრამასა და საკუთარ პრიორიტეტებს აცნობენ. დღესვე, დაგეგმილია განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა.
მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, დეპუტატებმა სამთავრობო პროგრამაზეც უნდა იმსჯელონ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარება მმართველი გუნდის სწორ პოლიტიკაზე მეტყველებს.
"ქვეყანაში კვლავ გრძელდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები. ასეთი სწრაფი ტემპი მეტყველებს ჩვენი ხელისუფლების კარგად გააზრებულ, თანმიმდევრულ, სწორ და ეფექტურ ხედვასა და პოლიტიკაზე ეკონომიკის, პრაქტიკულად ყველა დარგის მიმართულებით.
საქართველოს ეკონომიკამ ნათლად აჩვენა მდგრადობა, როგორც საგარეო შოკების, ასევე საშინაო გამოწვევების მიმართ. მაღალი ეკონომიკურ აქტივობა მიმდინარე წელსაც გრძელდება და, როგორც უკვე მოგახსენეთ, იანვარ-სექტემბრის ეკონომიკურმა ზრდამ 9,9%-ი შეადგინა.
მნიშვნელოვანია, რომ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საქართველოში ინფლაცია დაბალია. მაღალი ეკონომიკური აქტივობისა და სტრუქტურული განვითარების პარალელურად, ქვეყანაში დამატებით 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასევე, გაგრძელდება სიღარიბის ტენდენცია და 2028 წლისთვის ის 4%-მდე შემცირდება.
ბიზნესგარემოს გაჯანსაღებისა და სრულყოფის მიზნით, გავაგრძელებთ ქმედითი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ბევრი მიმართულებით. დღეისთვის, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საგარეო-სავაჭრო პოლიტიკა აქვს. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩვენ გვაქვს ორ უდიდეს ეკონომიკასთან, ჩინეთთან და ევროკავშირთან. მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია მიმდინარე წელს და 2025 წელს ხელი მოეწერება სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.
განხორციელდება ინდოეთთან და ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით წარიმართება მოლაპარაკებები. ასევე, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების შეთანხმებასთან დაკავშირებით დაიწყება შესაბამისი მოლაპარაკებები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.